ენერგეტიკაში პირდაპირი ხელშეკრულებები მნიშვნელოვანია – გიორგი მარგებაძე

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის შეფასებით, პირდაპირი კონტრაქტები, რომლით სარგებლობასაც კერძო სექტორი სექტემბრიდან შეძლებს, ენერგეტიკის დარგისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც გიორგი მარგებაძემ BMG-სთან მხარდაჭერის განახლებულ სქემასთან დაკავშირებით აღნიშნა, ფიქსირებული ტარიფის არსებობს ბიზნესს დაფინანსების მოძიებას გაუმარტივებს. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ გარანტირებული შესყიდვის ტარიფის არსებობას.
„ბოლო 5-6 წელი გარანტირებული შესყიდვის ტარიფი გაუქმებული იყო და დარგი რეგრესისკენ მიდიოდა. პირველ CFD აუქციონზე დიდი ყურადღება გამოიჩინეს დეველოპერებმა. მეორე აუქციონი ჩატარდა და ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ვნახეთ, რომ წარმატებით ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, რომელიც დაბრუნდა, ამარტივებს ფინანსური მოდელების შეკვრას და შესაბამისად, დაფინანსების მოძიებას. მთავრობის დადგენილებით, მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით უკვე პირდაპირი მოლაპარაკების წესით გააფორმებენ ხელშეკრულებებს დეველოპერებთან, რაც ვფიქრობ, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება. გამარტივდება გრძელვადიანი ფინანსების მოზიდვა, ამასთან, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ტარიფი მოქმედებს ქვეყანაში, დასავლურ ინვესტიციებსაც უხსნის ეს გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში ეს უკვე დარგს დაეტყობა“,- ამბობს გიორგი მარგებაძე.
რაც შეეხება ფიქსირებულ მედიანურ ტარიფს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6.5 ცენტია, როგორც მარგებაძე აღნიშნავს, კარგი იქნებოდა ტარიფი მეტი ყოფილიყო, თუმცა სექტორმა დადგენილი ტარიფით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ის სექტემბრიდან, პირდაპირ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ბიზნესის მაღალ აქტიურობას ელის.
„რა თქმა უნდა, დეველოპერებისთვის კარგი იქნებოდა, რომ ტარიფი უფრო მეტი ყოფილიყო, თუმცა მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ერთ მხარეს დეველოპერები არიან, მეორე მხარეს – სახელმწიფო. სახელმწიფოს ფისკალური რისკები არ უნდა შეექმნას, ზუსტად ამიტომ ჩატარდა აუქციონი და აუქციონმა თქვა, რა არის მედიანური ტარიფი. რა ტარიფიც დაჯდა, უნდა შევეგუოთ და გავაგრძელოთ მუშაობა, ვიაროთ წინ“,- განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად. ამასთან, მეორე CFD აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობამ დაადგინა ფიქსირებული მედიანური ტარიფები, რომლითაც კერძო სექტორი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე) შემთხვევაში ტარიფი 6.5 ცენტია, ქარის ელექტროსადგურების – 6 ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურების – 5.6 ცენტი.