რუსეთმა სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში

რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლებამ ევაკუაცია მოსთხოვა გლუშკოვოს რაიონის მოსახლეობას. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება ოპერატიულმა შტაბმა მიიღო.
მანამდე ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლების, გლუშკოვოს მცხოვრებნი და არა ამ მუნიციპალურ რაიონში შემავალი სხვა დასახლებებიც.
როგორც BBC წერს, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად გლუშკოვოს რაიონი სამი მხრიდან მომწყვდეული აღმოჩნდა – დასავლეთით და სამხრეთით უკრაინის საზღვარია, აღმოსავლეთით კი უკრაინის არმიის ქვედანაყოფები არიან. ში ომის დაწყებამდე ს ამ რაიონში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში, სახმელეთო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა სხვადასხვა რაიონიდან ათეულობით ათასი ადამიანი გაეყვანა.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი.
14 აგვისტოს გენერალმა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”. იმავე დღეს უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მ აჩვენა რეპორტაჟი, რომლის თანახმად, უკრაინელებს სუჯაში შეაქვთ ჰუმანიტარული დახმარება და ადმინისტრაციული შენობიდან ხსნიან რუსეთის დროშას.
კურსკის ოლქში არსებული სიტუაციის განსახილველად უკრაინის პრეზიდენტმა მ 14 აგვისტოს, საღამოს, თათბირი გამართა მთავრობის წევრებთან და სახალხო დამცველთან.
ამ შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინას თავდაცვის გარდა, აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვის ვალდებულება და ამ მიზნებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში შექმნეს „ბუფერული(სანიტარიული) ზონა”, რომლის მეშვეობით სამოქალაქო მოსახლეობა უნდა მომარაგდეს სურსათით, მედიკამენტებითa და სხვა საჭირო საგნებით.
ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანახმად, უსაფრთხოების ზონის ფარგლებში მყოფი რუსი სამოქალაქო პირები დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მხრიდან დაგეგმილია ზონის ფარგლებში ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარება, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეს და ზონაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვება.
უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, ს პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა აზრს მოკლებულია კონტაქტი მთავრობასთან, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას უტევს.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.