რა ეღირება საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომლის გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით დღეს, 12:00 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
TKT.GE-მ საქართველო-ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ბილეთების შეძენის ინსტრუქცია და წესები გამოაქვეყნა.
კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება.
„7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.
გაყიდვები 15 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენის ინსტურქცია:
· 12:00 საათზე, ონლაინ რიგის სისტემა Queue.it, ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს;
· თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები ორი ბილეთის შეძენა შეუძლია
· ბილეთის შეძენისთვის აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება ( სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა და მობ. ნომერი )
ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
რიგის ნომერი ზუსტად 12:00 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით მოგენიჭებათ, შესაბამისად, ვებ-გვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს;
არ გააზიაროთ რიგის სქრინი ან ბმული, არ განაახლოთ (დაარეფრეშოთ) გვერდი;
დარწმუნდით ინტერნეტ კავშირის გამართულობაში.
დამატებითი ღონისძიებები გატარდება გადამყიდველების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.