შეირჩევა ათი ფეხბურთელი, რომელიც „ლევანტეს“ პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში მიიღებს მონაწილეობას – გიორგი ქოჩორაშვილი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ლევანტეს“ წარმოამდგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ. ამ ამბავს გამოეხმაურა „ლევანტეს“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ქართულ-ესპანური პროექტის დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მოგესალმებით, მეგობრებო.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში „ლევანტეს“ საწვრთნელი ბანაკის შესახებ.
19-20 აგვისტოს „ლევანტე“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა „ლევანტეს“ პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში, ორი კვირა გაატარონ „ლევანტეს“ აკადემიაში და მიიღონ ის ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება, რაც დაეხმარებათ, რომ გახდნენ უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციას იხილავთ „ლევანტეს“ პოსტში – Levante UD
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, რომ მივსულიყავი ჩემს მიზნებთან.
დიდი მადლობა „ლევანტეს“ ამ ინიციატივისთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი.
1tv.ge