ენტეროვირუსის ნიშნებით კლინიკა “ვივამედში” იმყოფება ქუთაისის ციხიდან გადაყვანილი რვა პაციენტი

ენტეროვირუსის ნიშნებით პატიმრების ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა “ვივამედში”, გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებენ ტელეკომპანიები “მთავარი არხი” და “ფორმულა”.
“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დილის მონაცემებით, კლინიკაში იმყოფება ქუთაისიდან გადაყვანილი რვა პატიმარი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ელოდებიან ანალიზების პასუხებს.
“გუშინაც, დღესაც შემოვიდნენ პატიმარი პაციენტები და მათ შორის არიან ქუთაისიდანაც. დილის მონაცემებით, რვა პაციენტია, რომლებსაც აქვთ ენტეროვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები. ზაფხულის პერიოდია, გასაკვირი არაფერი არ არის. არანაირი მძიმე ფორმით, სტაბილური პაციენტებია. დღესვე ითხოვენ გაწერას, მაგრამ ანალიზებია ჩაბარებული, ბაქტერიოლოგიური კვლევა ჩატარდება და ანალიზების პასუხების შემდეგ გაეწერებიან. რვავე პაციენტი სტაბილურია, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას იუსტიციის სამინისტროსთან, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სასჯელაღსრულებისა და პენიტენციური სამსახური.