12 აგვისტოს, რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის Mask X-ის პლატფორმაზე ორსაათიანი ინტერვიუ მისცა მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს, რის შემდეგაც ბიზნესმენმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი საუბარი დემოკრატთა კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან გამართოს.
ტექნიკური პრობლემების გამო, ტრამპთან ინტერვიუ 40 წუთზე გვიან დაიწყო. მასკის თქმით, ეს მოხდა ინტერვიუმდე “სოციალურ ქსელ X-ზე მასიური DDos თავდასხმის” გამო.
საუბრის დროს მასკმა და ტრამპმა არაერთხელ გაცვალეს ქების სიტყვები. კერძოდ, კომპანია Tesla-ს დამაარსებელმა ყოფილი პრეზიდენტი გასულ თვეში მკვლელობის მცდელობის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის შეაქო, ხოლო ტრამპმა მასკს მოუწონა იმ მუშების გათავისუფლების სურვილი, რომლებიც უკეთეს პირობებს ითხოვენ.
ინტერვიუს დროს მასკმა პრეზიდენტობის კანდიდატს კითხვები დაუსვა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე.
ტრამპმა, კერძოდ, თქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იმედოვნებს, რომ კვლავ “დაალაგებს ურთიერთობას” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. “ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვქონდა. იგი მე პატივს მცემდა“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინი მას ბევრს ელაპარაკებოდა უკრაინაზე. ხოლო მან [ტრამპმა] ურჩია, რომ არ გაეკეთებინა ეს [არ დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი].
“მე შემეძლო მისი შეჩერება. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შემეძლო დავლაპარაკებოდი პუტინს და ის ამას არასდროს გააკეთებდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე WSJ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორები, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ პომპეო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის პოსტიც ეკავა, და BGR Group-ის მმართველი დირექტორი და Torridon Law-ის მრჩეველი, დევიდ ჯეი ურბანი არიან.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“, რომელზეც წერენ პომპეო და ურბანი, მთავარი თემებია „ლენდ-ლიზის“ პროგრამა უკრაინისთვის, რუსეთის მიმართ რეალური სანქციები და ნატოს აღორძინება.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე დაწერა, რომ დებატები 4 სექტემბერს გაიმართება.
5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოკითხვებში დაწინაურდა და ენერგიული შეხვედრების სერიით გაზარდა დემოკრატთა ამომრჩევლების მობილიზაცია.
შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.