საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად სწრაფად გავრცელებული ხანძრის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა.
კლიმატური ცვლილებებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, დაახლოებით 670 მეხანძრე და 32 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც კვირას, 11 აგვისტოს ქალაქ ვარნავასთან, ათენის ჩრდილოეთით დაიწყო. ვარნავასში, კვირას ნაშუადღევს გაჩენილმა ხანძარმა უკვე 100 კვ.კმ-ზე მეტი მიწა დაწვა.
როგორც კიკილიასმა დასძინა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები “უკიდურესად საშიშ ხანძარს” 20 საათზე მეტი ხანია ებრძვიან. ხანძარი ძლიერი ქარის, ხანგრძლივი გვალვისა და გაუვალი რელიეფის გამო გაძლიერდა.
”საქმე ძალიან რთულადაა. ხანძარი მუდმივად პროგრესირებს, ფერფლის წვიმა მოდის,” – განუცხადა ბერძნულ ტელევიზიას ერთ-ერთმა მეხანძრემ.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირია, კლიმატის მეცნიერები ამბობენ, რომ წელს უჩვეულოდ ცხელი და მშრალი ამინდია, რომელიც გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული, ხანძრის რისკს ზრდის. საბერძნეთის ხელისუფლებას ამ ზაფხულს უკვე ათობით ხანძართან მოუწია ბრძოლა.
კიკილიასმა საზოგადოება შაბათ-კვირას გააფრთხილა, რომ “უკიდურესად საშიში და მაღალი ტემპერატურის ამინდი” საბერძნეთში ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ დაზიანებულია სახლები, არ დაუზუსტებიათ რამდენი.
CNN იტყობინება, რომ საბერძნეთში გაუჩინარებულ ადამიანთა რიცხვის ბოლოდროინდელი ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში უკიდურეს სიცხესთან. ივნისში რამდენიმე ტურისტი სასეირნოდ წასვლის შემდეგ გაუჩინარდა და მოგვიანებით, გარდაცვლილი იპოვეს. საბერძნეთის ხელისუფლება კვლავ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მაღალი ტემპერატურის გავლენა და შედეგები არასათანადოდ არ შეაფასონ.
