ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იწყება – პროექტის დეტალები

თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ხობის მუნიციპალიტეტმა უკვე დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება 31 ივლისს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე აწერს.
ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია „ფაზის ოილზე“ გადავიდა. აღნიშნული პროექტის ვადები „ფაზის ოილმა“ რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მისი განვითარება ვერც ახალმა კომპანიამ ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი კიდევ ერთხელ ჩაანაცვლა.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ განახორციელებს, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენმა მაკა ასათიანმა დააფუძნა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტორი პროექტში $30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, დაკმაყოფილდა ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა.
„დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ წინადადება ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, შპს „ ბლ ექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის ინიციირებისა და განა შენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე“, – ნათქვამია დადგენილებაში.
დოკუმენტს თან ახლავს, გრუნტების საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და სკოპინგის ანგარიში.
„პროექტით გათვალისწინებული ნედლი ნავთობის გადამუშავება ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს 1121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 მ3-იანი სარეზერვუარო პარკი. ქარხანაში გადამუშავების პროცესის შედეგად მიიღება ნავთობის (საშუალო დისტილატის მსუბუქი ფრაქცია), ფართო გაზოილის ფრაქცია (მსუბუქი გაზოილის ფრაქცია, საშუალო გაზოილის ფრაქცია, მძიმე გაზოილის ფრაქცია), მაზუთის ფრაქცია (ნარჩენი საზღვაო საწვავი).
მომავალში კომპანიას დაგეგმილი აქვს სარეზერვუარო პარკის და გადამამუშავებელი ქარხნის წარმადობის ზრდა, რაც შეადგენს 2,921,000 ტონას, ხოლო სარეზერვუარო პარკების მთლიანი მოცულობა გაიზრდება და იქნება 440200 მ3 ნედლი ნავთობი.
ყულევის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. წინამდებარე ანგარიშში განხილულია მშენებლობის პირველი ფაზა, რომლის დროსაც აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.
აღნიშნული ტერიტორიის საერთო ფართობია 599970 მ2 და წარმოადგენს შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ის საკუთრებას. ამ ტერიტორიაზე წარსულში გაცემულია დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ანალოგიური ტიპის საქმიანობაზე.
ქარხნის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 წელიწადს. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა იქნება დაახლოებით 300 ადამიანი“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში, რომელიც დადგენილებას თან ერთვის.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განვითარებას, ასევე ნავთობპროდუქტების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდებას.
„პროექტის მიზანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ქარხნის აშენება სრული ინფრასტრუქტურით, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე უფრო დაბალ ფასებში მოხდება ვიდრე იმპორტირებული პროდუქტის“, – ნათქვამია ანგარიშში.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ