ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

უკრაინა და ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის გამო. ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 11 აგვისტოს საღამოს, რამდენიმე აფეთქების შემდეგ სადგურის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ძლიერი, მუქი კვამლი იყო. საგენტოს ექსპერტებს სადგურიდან აცნობეს წყლის გაგრილების ერთ-ერთ სისტემაზე დრონით სავარაუდო შეტევის შესახებ.
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემას ხანძარი გაუჩნდა უკრაინული დრონით დარტყმის შედეგად, თუმცა, უშუალოდ ენერგობლოკებს საფრთხე არ შექმნიათ და არც რადიაციული ფონი შეცვლილა.
დღეს, 12 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლიკვიდრებულია.
უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ 12 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაასახელა საოკუპაციო ძალების გულგრილობა, ან ცეცხლის განზრახ გაჩენა.
ენერგოკომპანია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შენობებს, მათ შორის წყლის გამაგრილებელ ნაგებობებს იყენებს სამხედრო ტექნიკის, იარაღის და ასფეთქებელი ნივთიერებების საწყობებად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხანძრის გაჩენის საფრთხეს.
„ენერგოატომის“ ინფორმაციით, წყლის გაგრილების სისტემა, სადაც 11 აგვისტოს საღამოს ხანძარი გაჩნდა, სადგურის ენერგობლოკებიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის თანახმად, ხანძრის შედეგად სადგურის უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის დონის მომატება არ დაუფიქსირებიათ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენაში რუსეთი დაადანაშაულა. 11 აგვისტოს ღამით, ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა, მისი ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც ხანძარს ასახავს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად რადიაციის მაჩვენებლები ნორმაშია, მაგრამ სანამ „რუსი ტერორისტები” ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური ვერ იქნება. ზელენსკი მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას ელოდება და აცხადებს, რომ სადგურს სრულად უსაფრთხოს გახდის მხოლოდ უკრაინის კონტროლის აღდგენა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.