დღეს, 12 აგვისტოს გამთენიისას სამწუხარო ამბავი გახდა ცნობილი – ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.
არჩილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე,
გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.
არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, “ოქროს ძალაყინი” ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.
sportall.ge-ის გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.