„მოთამაშეების დაცვის ზომები არაეფექტურია“ – ბელგია

აზარტული თამაშების კომისიამ სექტორის 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომისიის პირველი დასკვნა ის არის, რომ ბელგიაში აზარტულმა თამაშებმა გასულ წელს 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის მოგება მოიტანა, რაც ოფიციალური პირების თქმით, „აბსოლუტური რეკორდია“. მეორე დასკვნის თანახმად კი, 2022 და 2023 წლებში მიღებული ზომები სათანადო ეფექტს არ იძლევა… ზოგიერთი მათგანი, კომისიის აზრით, შესაძლოა, ზედმეტიც კი იყოს.
2023 წლის 1 ივნისიდან, აზარტული თამაშების რეკლამაზე ბელგიაში სერიოზული შეზღუდვები დაწესდა. რეკლამის მთელი რიგი სახეობები უკვე აკრძალულია. 2025 წლიდან ეს შეზღუდვები სპორტული კლუბების სპონსორობაზეც გავრცელდება. თუმცა, კომისიის განცხადებით, ეს ზომები საკმარისად ეფექტური ჯერ კიდევ არ არის: „დრო არის საჭირო, რომ რეკლამა, თუნდაც ის აღარ იყოს საჯარო სივრცეში, მომხმარებელთა ცნობიერებიდანც გაქრეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეფექტი მყისიერი არ იქნებოდა“, – განმარტავს აზარტული თამაშების კომისიის თავმჯდომარე, მაგალი კლავი.
კიდევ ერთი ზომაა ნადირობა ყალბ „წიგნის მაღაზიებზე“. სულ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაიზარდა იმ დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც თავს „წიგნის მაღაზიებად“ აცხადებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ბეჭდურ პუბლიკაციებს კი არა, არამედ მხოლოდ აზარტულ თამაშებს ემსახურებოდნენ: „ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო ნაკლებია ყალბი „წიგნის მაღაზიები“. კონტროლმა და დახურვამ ამ თაღლითური დაწესებულებების ფულადი ბრუნვა შეამცირა. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან დადებითია“, – განაგრძობს კომისიის თავმჯდომარე.
„მეორე მხრივ, გვაქვს კანონები, რომლებსაც არანაირი ეფექტი არ აქვთ. მაგალითად – ონლაინ თამაშების ანგარიშებზე დეპოზიტების შეზღუდვა კვირაში 200 ევრომდე. ამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლა ძალიან ადვილია, რადგან ამისთვის მოთამაშეებს, ერთის ნაცვლად, მხოლოდ სამი ანგარიშის გახსნა სჭირდებათ. ამიტომ შეზღუდვას პრაქტიკული სარგებელი არ მოჰყოლია“, – აცხადებს მაგალი კლავი.
ზედიზედ მეოთხე წელია, ონლაინ თამაშები „რეალურ“ თამაშებს პოპულარობით უსწრებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აწუხებს პროფესიონალებს. „უპირველესად იმიტომ, რომ ონლაინ თამაშები, ძირითადად, ახალგაზრდებზეა გათვლილი. ისინი წარმოადგენენ მთავარი სამიზნეს, რადგან მიჩვეულები არიან, რომ ირგვლივ ყველაფერი ციფრულია, – აანალიზებს კლავი, – მეორე მიზეზი კი ის არის, რომ დღეს არ არსებობს დახვეწილი კანონმდებლობა ონლაინ თამაშების დასარეგულირებლად“.
კომისია შეზღუდვების გამკაცრებას და ამ საქმეში მთავრობის უფრო მეტ ჩართულობას ემხრობა: „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. როგორც უკვე ვთქვით, ონლაინ აზარტულმა თამაშებმა გადაუსწრო ყველა სხვა სახის აზარტულ თამაშებს, არადა, თავად ონლაინ აზარტული თამაშები, ძირითადად, დასარეგულირებელი რჩება. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პოლიტიკური ზომების მიღება. მაგრამ ვიდრე რაიმე რეგულაციას შემოვიღებთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ეფექტური იქნება და პრაქტიკაში შედეგს გამოიღებს. მთავრობის მიერ მიღებული კანონები და ზომები ნამდვილად უნდა ემსახურებოდეს მოთამაშეთა დაცვას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ კეთილ განზრახვად დარჩება და სასურველი შედეგს ვერ მოიტანს“.
ბელგიაში 53 000-მა ადამიანმა საკუთარი ნებით მოითხოვა აზარტული თამაშებიდან „მოკვეთა“, რადგან ამ მავნე ჩვევაზე თავისი დამოკიდებულება გააცნობიერა. კომისიის აზრით, ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ ბელგიელი ვერ იაზრებს, მავნე ჩვევის „ტყვეობაში“ რომ იმყოფება.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი