„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი.
აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მობილიზებული სულ 310 თანამშრომლის საკვებით [საკვები პროდუქტის ნაკრებით] უზრუნველყოფა ერთი დღით, 2024 წლის 04 აგვისტოს.
გამომდინარე აქედან საჭირო იყო უმოკლეს ვადაში მომხდარიყო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება“, – წერს დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობით დახარჯული თანხის შეთანხმებას სთხოვს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით:
· „საკვები პროდუქტის 1 ნაკრების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა – 13 ლარი და 70 თეთრი.
· საკვები პროდუქტის ნაკრებში შევიდა: 1 ცალი ფენოვანი ხაჭაპური ყველით – 3,80 ლარი; 1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით – 4,50 ლარი; 1 ცალი ღვეზელი საქონლის ხორცით ფენოვან ცომში – 2,50 ლარი; 1 ცალი კოკა-კოლა (0,5 ლ) – 1,70 ლარი; 2 ბოთლი წყალი „მთის“ 0.5ლ – ერთეულის ფასი 0,60 ლარი, ჯამში – 1.20 ლარი.“
„თუ კი ვერ მოხდებოდა 2024 წლის „შუამთობა“-ს დღესასწაულთან დაკავშირებით, მობილიზებული თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე, პოლიციელებს ხელი შეეშლებოდათ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულფასოვან შესრულებაში“, – წერენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან შესყიდვების სააგენტოს.
შუამთობაზე ბეშუმში იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოსა და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge