ირაკლი ალასანია, ვიქტორ ყიფიანი, ნიკა გილაური – რა მოხდა სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრაზე

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა. სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პოლიტიკოსებიც – ირაკლი ალასანია, თამარ ჩუგოშვილი, ასევე ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი და ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური. ამ უკანასკნელმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა.
,,სენატორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დამპატიჟეს და ვისაუბრეთ საქართველოზე“, – განაცხადა ალასანიამ
,,ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ უბრალოდ ის, რომ აქვთ მოლოდინი ან იმედი იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდება განვითარების ნორმალურ გზას, საიდანაც აცდენილია, რა თქმა უნდა” – განაცხადა ჩუგოშვილმა.
,,ითქვა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ არის სასურველ კონდიციაში. ასევე გულწრფელი სურვილი იყო, რომ ეს ურთიერთობები უნდა გამოსწორდეს. მე არ ვეხმარები ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე ანალიტიკური საქმიანობით ვარ დაკავებული. ჩვენი მთავარი სისუსტე არის ჩვენი შიდა დემოკრატიის ხარვეზი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადატვირთვაზე, დალაგების მთავარი გზა არის, რომ დავალაგოთ შიდა პოლიტიკური მოწყობა და სისტემა. ალბათ, ჩვენ ამას რომ დავალაგებთ, უფრო თამამი ვიქნებით პარტნიორებთან. ჩვენი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, გაუმართავი მართლმსაჯულება”, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს გუშინვე შეხვდნენ.
დღეს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი ს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ