რას აკეთებენ მუნიციპალიტეტები სტიქიური მოვლენების სიტუაციების ზიანის შესამცირებლად

საკვლევი მუნიციპალიტეტების უმეტესი ნაწილისგან მივიღეთ ერთმანეთის მსგავსი პასუხები, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად “შენდება ჯებირები, გაბიონები, ფერდსამაგრი კედლები, სანიაღვრე სისტემები” და ასე შემდეგ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ “ბუნებრივი სტიქიური მოვლენების სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით, სავარაუდო რისკის ზონებთან დაკავშირებით შესწავლისათვის ინფორმაცია ეგზავნება სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს”. მუნიციპალიტეტის მხრიდან რა ღონისძიებები ტარდება, – რაც ჩვენი კითხვა იყო, – არაფერი უხსენებიათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ადრეული შეტყობინების სისტემის მონტაჟი ე.წ. „გვესოს მეწყრის“ ზონაში. სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყალდიდობის შემთხვევაში ზიანის თავიდან ასაცილებლად, მდინარე ლაჯანურის და მდინარე ცხენისწყლის ნაპირებზე მრავალ ადგილას მოეწყო ფლეთილი ქვის ჯებირები და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. შესაძლებლობის ფარგლებში, ჩატარდება მდინარეების და ღელეების კალაპოტების დაღრმავებისა და წმენდის სამუშაოები”.
ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსმა, ჯამბულაატ მელაძემ გვითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მის მუნიციპალიტეტშიც იყოს ადრეული/განგაშის სისტემები, რადგან სტიქიურად აქტიური ზონაა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია და არც უწყებისგან ყოფილა რაიმე კონკრეტული მოთხოვნა, გარდა იმისა რომ “გარემოს ეროვნულმა სააგენტოს თხოვნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ იქნა მიწის ნაკვეთები მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოების განსათავსებლად [დაბა ხულოში, სოფ. თხინვალაში და გოდერძის უღელტეხილზე]. აღნიშნული სადამკვირვებლო პუნქტებიდან მიღებული მონაცემები ეხმარება სააგენტოს SMS გაფრთხილების შეტყობინების მოსამზადებლად”.
ხულოს მუნიციპალიტეტში განვითარებულ ზვავს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა პაატა ქათამაძემ, გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვთ ადრეული შეტყობინების სისტემების გასამართად.
“ჩვენ ამის არც ფინანსური რესურსი გვექნება, არც პროფესიონალი კადრები ეს რომ დავგეგმოთ. ამას, ალბათ, გარემოს დაცვამ უნდა მიაქციოს ყურადღება. მე ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს გაწვდით”, – განაცხადა ქათამაძემ.
სტიქიით დაზარალებულთა სტატისტიკა და მათი ზარალის ანაზღაურება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ბოლო 15 თვის მანძილზე, სტიქიის შედეგად დაზარალებული 249 ოჯახის, ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყო, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 397 700 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაცია გამოიყო.
დამატებით, მუნიციპალიტეტმა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 19 მარტამდე, სტიქიით დაზარალებულთათვის ჯამში 1 273 200 ლარის კომპენსაცია გასცა.
მესტიის მუნიციპალიტეტმა, 2023 წელს სტიქიით დაზარალებულ 97 ოჯახს გაუწია ფულადი დახმარება და გასცა 193 000 ლარი.
ხულოს მუნიციპალიტეტში, ბოლო 15 თვის მანძილზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფით პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებულია 76 ოჯახი, ხოლო შუამდგომლობა აღძრულია და დაკმაყოფილების მოლოდინშია 64 ოჯახი.
ქედაში, 2023 წლიდან დღემდე 234 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლიდან დღემდე, კომპენსაცის სახით სტიქიით დაზარალებულ 50-ოჯახს დაეხმარა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლიდან დღემდე დაფინანსდა სტიქიით დაზარალებული 30 ოჯახი, თანხით 123 155 ლარი.
“თუ იქ [სტიქიის ზონაში] ცხოვრება საფრთხის შემცველია, ამ შემთხვევაში ეკომიგრანტთა ბაზაში რეგისტრირდებიან და ალტერნატიული საცხოვრებლის თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან. თანადაფინანსების სახით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს კომპენსაციას ბიუჯეტიდან, 50 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა ადრე 40 000 ლარი იყო, მოქალაქეების პოზიციიდან გამომდინარე, მოამატეს ეს თანხა, ცოტა უკეთესი პირობები შეუქმნეს ამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მე ასე ვიცი და ასე მგონია”, – განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა პაატა ქათამაძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 6 თებერვლის N10 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად 2023 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პროგრამით ისარგებლა 15 ოჯახმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად ფულადი კომპენსაცია 2016 წლიდან დღემდე მიიღო 20-მდე ოჯახმა.
ლეჩხუმის და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა სტიქიით დაზარალებული ადამიანების ან ოჯახების რაოდენობას, გაცემული ან გასაცემი კომპენსაციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გადაგვამისამართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ოღონდ ეს გააკეთეს არა კანონის შესაბამისად, ანუ მყისიერად წერილის გაცნობისთანავე, არამედ, რამდენიმე დღეში, როცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრული წერილი გამოაგზავნეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულთათვის 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომპენსაცია არ გაცემულა, რადგან დაზარალებულები თავად მიმართავენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.
შარშან, ს სტიქიის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის დაახლოებით 20 000 ლარს გამოყოფდა.
“გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, – თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით”, – დააზუსტა ღარიბაშვილმა შარშან, 15 სექტემბერს, შოვის მოვლენიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ.
მიმდინარე წლის 10 აპრილს “კაქტუსმა” საქართველოს მთავრობისგან და გამოითხოვა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა რაოდენობის კომპენსაცია გასცა საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულთათვის.
ეს წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სხვადასხვა უწყებაში გადაამისამართა, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
იმავე დღეს, იგივე შინაარსის წერილი გავაგზავნეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
არც ერთი უწყებიდან ეს მონაცემი “კაქტუსს” აქამდე არ მიუღია.
წყარო: cactus-journalism.ge