რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ ავრცელებენ.
მედია ამტკიცებს, რომ კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.
„ჩაატარეს კვლევა, როგორ შექმნან ნორმალური მესენჯერი, რომ ყველაფრის „გაქაჩვა“ შეძლოს და WhatsApp-ს შეედაროს. გადაწყვიტეს საფუძვლად „ტამტამ“-ის აღება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების ცნობით, „ტამტამ“-ს „წერტილოვანი ტექნიკური გაუმჯობესებები“ სჭირდება და ეს დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება.
ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება. YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს.