საერთაშორისო გამოცემა Global Finance რამდენიმე ათეული წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს. ამჯერად, საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.
Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ჯილდოს უკვე 25 წელია, გასცემს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანმა კომპანია Infosys-მა გამოავლინა. მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სამომხმარებლო და ბიზნესის ციფრულმა საბანკო მიმართულებებმა არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მობილბანკის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის, საუკეთესო UX-ის, ციფრული დაკრედიტების, ონლაინ შეთავაზებების, ღია ბანკინგის API-ებისა და სხვა არაერთ კატეგორიაში. მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო სერვისები თუ პროდუქტები მათთვის ხელსაყრელ არხებში მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვნად გავუმარტივოთ და უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ მათთვის საბანკო მომსახურებით სარგებლობა. გვიხარია და ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია, 45 კატეგორიაში გამარჯვებულებად დასახელდა. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ“, – განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.