GCCA-მ 5 კვების ობიექტს მომხმარებელთა სასარგებლოდ ვალდებულებები დააკისრა – რა ევალებათ კომპანიებს?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 5 კვების ობიექტს, მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო ვალდებულებები დააკისრა, რის შესახებაც მხარეებს შორის შეთანხმებები გაფორმდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლის სასარგებლოდ, ხუთ მოვაჭრესთან – შპს „ვარაზის ხევი 95“, შპს „მარსიანელი“, შპს „ლიმონი 2009“, შპს „ბბმ 18“ და ი/მ დავით რომანაძესთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
შესაბამისად, მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანონ და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ მიაწოდონ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GCCA-ის მიერ, 2024 წელს, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დადგინდა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი. მათ შორის, მომსახურების საფასური.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს – 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 22 312 ლარი.