თხილის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნები ამოქმედდა

თხილის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ცვლილებების მიხედვით, რეგლამენტი შეეხება არამხოლოდ გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს, არამედ გაუტეხავსაც.
ასევე რეგლამენტს დაემატა მოთხოვნები, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, უზრუნველყოფს თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება.
რეგლამენტს დანართის სახით დაერთო მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისათვის, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს კაკლოვანი კულტურების კულტივირებული სახეობების პირველად წარმოებას, უნდა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს ისეთი გარემო ფაქტორები (მაგ.: ქარით, ნიადაგითა და მტვრით გამოწვეული დაბინძურება, მათ შორის, ასპერგილუს ფლავუსით/პარაზიტიკუსით), რომლებმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს პროდუქტის უვნებლობა.
ასევე, ბიზნესოპერატორს ევალება აწარმოოს ჩანაწერები ბაღში ვეგეტაციის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ (აგროტექნიკური ღონისძიებების, გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ასევე ჩატარებული მონიტორინგის – პერიოდულად ბაღის ვიზუალური დათვალიერების, შედეგები მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის მიზნით).
ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ნალექების რაოდენობა ჭარბია და გრუნტის წყლების დონე ნიადაგის ზედაპირთან ახლოსაა, ბაღში უნდა არსებობდეს შესაბამისი სადრენაჟე სისტემა. ამასთან, დაუშვებელია საქონლის ან/და სხვა ცხოველების ყოფნა ან ბაღის ტერიტორიის საძოვრად გამოყენება.
რაც შეეხება დასაწყობების ტექნიკურ მოთხოვნებს, რეგლამენტში შევიდა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დასაწყობების სათავსები უნდა იყოს სუფთა და მშრალ მდგომარეობაში, ფარდობითი ტენიანობის დონე არ უნდა აღემატებოდეს 70%-ს.
დანართში აღნიშნულია ტემპერატურული რეჟიმის შესახებ მოთხოვნაც, რომლის თანახმადაც ტემპერატურული რეჟიმები დაცულ უნდა იყოს 0° C-დან 10° C-მდე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სოკოს განვითარების შესაძლებლობა საწყობში კაკლოვანი პროდუქტის შენახვისას, თუმცა ეს მოთხოვნა 2026 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. დანარჩენი მოთხოვნები კი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.