ყავის ფასის ზრდა მინიმუმ მომავალ წლამდე გაგრძელდება – Lavazza

იტალიური ყავის ჯგუფის Lavazza-ს თავმჯდომარე ჯუზეპე ლავაცა ამბობს, რომ ყავის ფასის ზრდა მინიმუმ მომავალ წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ Financial Times წერს.
ყავის გაძვირების მიზეზად გამოცემა კლიმატის ცვლილებას, მიწოდების დეფიციტს და ევროკავშირის ახალ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც ყავის მწარმოებლებს ხარჯებს უზრდის.
„ყავის მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ გაზარდონ ფასები და შეამცირონ მოგება ნედლეულის მზარდი ხარჯების გამო“, – თქვა Lavazza-ს ხელმძღვანელმა და მიზეზად კლიმატის ცვლილების გამო მიწოდების შემცირება დაასახელა.
Lavazza-ში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების თაროებზე ყავის ღირებულება 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.
The Guardian იტყობინება, რომ მოსავლის პირობების გაუარესებამ მთავარ მწარმოებელ რეგიონებში – ბრაზილია, ვიეტნამი და კოლუმბია, და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული მიწოდების შეფერხებამ ინფლაციური ზეწოლა გამოიწვია, რის გამოც ფასებმა 15 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
The Guardian აღნიშნავს, რომ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყავის ფასმა დაიკლოს.