„გვახსოვდეს სიმართლე“ – დაიწყო ახალი კამპანია საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ

7 აგვისტოს კოალიციამ – „ინფორმაციის სანდოობისთვის“ გმირთა მოედანზე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლის ჩვენება მოაწყო. ვიდეორგოლი ეხება 2008 წლის რუსული აგრესიის 16 წლისთავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და ვინ – მეგობარი.
კოალიციის თავმჯდომარის, გიორგი მელაშვილის თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და დავიწყებას არ უნდა მიეცეს იმ გმირების სახელები, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა დაიცვეს:
„კამპანიის მთავარი მიზანია, შევახსენოთ ყველას, თუ ვინ არის ოკუპანტი და აგრესორი. აგრეთვე ვინ არიან ის ქვეყნები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვეხმარებოდნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აშენებაში.
ჩვენ გვსურს გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას“, – ამბობს გიორგი მელაშვილი და დასძენს, რომ რუსეთს არ შეიძლება ვენდოთ, რადგან მისი მიზანი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრივობის განადგურება, მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნეში.
მისივე განმარტებით, კამპანია გაგრძელდება ს ომის, სოხუმის დაცემის შეხსენებით და ეცდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აგრესორი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არ დაივიწყონ:
„კამპანია შეეხება ყველა მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ყველა მათგანი, პირდაპირ თუ ირიბად, არის დაკავშირებული ს მცდელობებთან, გაანადგუროს ქართული სახელმწიფოებრიობა. ჩვენ, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, განვვითარდეთ და საბოლოო ჯამში, დავამარცხოთ ოკუპანტი აგრესორი“, – ამბობს ის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) დირექტორი თამარ ხიდაშელი, რომელიც ვიდეორგოლის ჩვენებას ესწრებოდა, მიიჩნევს, რომ საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ისევ იყენებს აგვისტოს ომს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.
„განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ დღეს, ომის დაწყებიდან 16 წლის თავზე, ქართული ოცნება ისევ ცდილობს მაშინდელი ხელისუფლების აგრესორად წარმოჩენას. ეს ნიშნავს – საქართველო წარმოაჩინო როგორც აგრესორი, ხოლო რუსეთი – მხარე, რომელიც იძულებული გახდა აგრესორი მხარის ქმედებისთვის ეპასუხა.
ეს არის სიცრუე და შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც აგვისტოს ომში დაიღუპნენ და ეს არის შეურაცხყოფა იმ ათასობით ადამიანის, რომლებიც დევნილები გახდნენ საკუთარ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის გამო“, – ამბობს DRI-ს დირექტორი.
თამარ ხიდაშელის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ დაახლოებით 27 000 ადამიანი, 10 000-მდე ოჯახი გახდა იძულებული საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა იმის გამო, რომ რუსეთი შემოიჭრა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.
„ქართული ოცნების ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ ვინ არის აგრესორი. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა არის სიმართლე. ჯერ პატივი მივაგოთ აგვისტოს ომის გმირებს, ვთქვათ სიმართლე და გავიხსენოთ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. გავიხსენოთ, როგორ შეწყდა 2008 წელს 5 დღიანი ომი. ეს მოხდა ევროკავშირისა და -ს აქტიური ჩართულობით“ – ამბობს თამარ ხიდაშელი.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც გალის რაიონიდანაა და უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურობის დაცვა არჩია, ვიდეორგოლს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„ვიდეორგოლი საკმაოდ სენსიტიური იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეხსიერებაში უნდა დარჩეს ქართულ საზოგადოებას, თუ რა გამოვიარეთ. მსგავსი კამპანიები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის შემდგომ უკვე სამაჩაბლო არის აშკარა მაგალითი, თუ როგორ ებრძვის რუსეთი მეზობელ პატარა სახელმწიფოებს და როგორ ცდილობს ისევ დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია და ამას უნდა ვებრძოლოთ,” – ამბობს ის.
ვიდეორგოლის ჩვენებას ესწრებოდა მოქალაქე გიორგი სირბილაძეც რომელიც აღნიშნავს, რომ ღონისძიებამ მაყურებლამდე ზუსტი მესიჯი მიიტანა, თუ ვინ არის აგრესორი ბოლო 200 წლის მანძილზე და განსაკუთრებით 2008 წელს, როდესაც მისი თაობის ახალგაზრდების თვალწინ მოხდა საქართველოს კიდევ ერთი რეგიონის ოკუპაცია.
„მეტი მსგავსი დოკუმენტური ვიდეოები უნდა გადაიღონ, რომ ცნობიერება ამაღლდეს საქართველოში, განსაკუთრებით ახალ თაობაში. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ საქართველოს უახლესი ისტორია და აქედან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები, არა მარტო არჩევნებში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააერთიანებს ქართველ ერს, კიდევ უფრო დაგვეხმარება ძლიერი სახელმწიფოს აშენებაში“, – ამბობს ის.
ინფორმაციის სანდოობის კოალიციის შეფასებით, რუსული აგრესია 2008 წელს არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება.
2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმმა სულ მცირე საქართველოს შვიდი მოქალაქე იმსხვერპლა. საქართველოში არსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონაცემების თანახმად, 2013-2024 წლებში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 2,418 პირი, თუმცა დაკავებულთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
გვახსოვდეს აგვისტოს გმირები, გვახსოვდეს ვინ არიან ჩვენი მეგობრები, გვახსოვდეს სიმართლე!
სტატია მომზადებულია “ნეტგაზეთისა” და “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ