კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკო

კახეთში, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან, გელა სამხარაულთან, ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურ, ნიკოლოზ ვაშაყმაძესთან, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი “კესელო”-ს მიერ ტრადიციული თუშური დატირება შესრულდა.
“გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა! გიორგი ანწუხელიძის სახელი, ისევე როგორც, სამშობლოსათვის ომში დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნა, ქართველი ხალხის გულში უკვდავია. გადის წლები და მათი გმირობის ისტორია, სულისკვეთება და თავდადება თაობიდან თაობას გადაეცემა. გიორგი ანწუხელიძეს ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც საკუთარი სამშობლოს ერთგულ პატრიოტს და სამშობლოსათვის თავგანწირულ შვილს. დიდება გმირებს!”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.