“კონტეს ოცნება? – გიორგი მამარდაშვილი” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “ვალენსიას” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის ყიდვაზე ოცნებობს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯერარდო ფასანო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ნაპოლი” ამ ეტაპზე კეპა არისაბალაგას აკვირდება, თუმცა კონტესთვის მამარდაშვილი ოცნების ტრანსფერია.
“აქამდეც ვამბობდით, რომ “ნაპოლი” კეპას ყურადღებით აკვირდება, შესაძლოა ესპანელი ოსიმენის გარიგების ნაწილიც გახდეს, ნიგერიელი “ჩელსის” მიაშურებს, ლუკაკუ და კეპა კი “არისტოკრატებიდან” “პარტენოპეიში” აღმოჩნდნენ. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთი ოცნება აქვს – ეს გიორგი მამარდაშვილია. კონტეს მისი “ნაპოლიში” ხილვა ძალიან სურს”, –
წერს ფასანო.
შეგახსენებთ, “ვალენსია” ამ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არაა, “ღამურები” “მამარდას” სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვენ. ბოლოს, ქართველი მეკარე “ლივერპულს” დაუკავშირეს, Relevo-ს ცნობით, “სქაუზერები” მამარდას ყიდვას და ერთწლიანი იჯარით მის “ბორნმუთში” გაშვებას გეგმავენ.