თბილისში, წმ. ნიკოლოზისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე მდებარე სახელმწიფო ქონება ვერ გაიყიდა

თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე 6 650 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა.
ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
უძრავი ქონება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
აუქციონში მითითებული საპრივატიზებო პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა შესაბამისი ორგანო(ები)ს თანხმობით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაკლებ 1 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია უნდა ჩადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში. სამუშაოები კი შესაძლოა მოიცავდეს, ქონების დემონტაჟს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას. ამ ვალდებულების შესრულებიდან მაქსიმუმ 6 თვეში კი უნდა უზრუნველყოს უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით. დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განსაზღვრულია თავშესაფრის ფუნქციის მუდმივად შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ამ სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.

აუქციონი 23 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდა.