საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე ყოფნის აუცილებლობა დღეს სკოპიედან განმარტა. ის, რის გამოც პირველი დიპლომატის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა, მინისტერიალში სერგეი ლავროვის მონაწილეობას ეხებოდა, თუმცა პანელს, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრი იმყოფებოდა, ილია დარჩიაშვილი არ დასწრებია.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების ადრესატი, ოპოზიციის ის ნაწილია, რომელმაც დარჩიაშვილის ვიზიტი გააპროტესტა. შალვა პაპუაშვილისთვის პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები წარსულს ივიწყებენ და აღარ სურთ საუბარი იმაზე, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც 2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ, ასტანაში, ეუთოს სამიტის ფორმატში, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ერთ სივრცეში მუშაობდა. მმართველი გუნდის ლიდერებისთვის მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
2008 და 2023 წლების გამიჯვნას “ნაციონალური მოძრაობა” დღეს იმ არგუმენტით ცდილობდა, რომ მაშინ სხვა საერთაშორისო კონტექსტი იყო, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დამოკიდებულებები შეცვლილია.
“ქართული ოცნებაში” აინტერესებთ, რატომ არ აპროტესტებდნენ სააკაშვილის პოლიტიკას მაშინ, როცა აგვისტოს ომიდან მალევე, უშუალოდ პრეზიდენტი ხვდებოდა გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან შემომავალ ვიზიტორებს.
წარსული გამოცდილება არ მოსწონთ არც ხელისუფლების სხვა ოპონენტებს, თუმცა ეუთოს მინისტერიალის ფორმატი მათთვის სხვა მნიშვნელობისაა. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ვიზიტში უჩვეულო არაფერია, თუ ის სწორი გზავნილებისთვის იქნება გამოყენებული.
პოპულიზმი – ასე შეაფასეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოზიცია “ქართულ ოცნებაში”. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, ეუთოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი დატვირთვისაა და ქართული დელეგაციის ყოფნა ამერიკის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის გვერდით აუცილებელია.
ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობა უკვე მიიღო ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მონაწილეებს შორისაა ევროკომისარი ჯოზეფ ბორელიც. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს 2 დღის განმავლობაში ხვდებოდნენ.