ხიდი ევროპასა და აზიას შორის – საქართველო ცენტრალური აზიის ეკონომიკურ სამიტს მასპინძლობს

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 22-ე მინისტერიალს, წელს საქართველო მასპინძლობს. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. CAREC-ის პროგრამა, რომელშიც ამჟამად 10 ქვეყანაა ჩართული, მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა და ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტი როლი საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებში.
რეგიონულ კეთილდღეობას კი, ს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე,
ასევე ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო თუ განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებაზე.
22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა, რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის მიზანია, რეგიონი კლიმატის რისკების მიმართ უფრო მდგრადი გახდეს. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ფორუმის მისასალმებელი ნაწილის დახურვის შემდეგ განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, მინისტერიალი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და მოხდეს უცხოური და ქართული ბიზნესების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საქართველო, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.