გასულ წელს ბათუმის საკრებულოს დეპუტატებზე ხელფასის სახით 993,423 ლარი გაიცა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა ქალაქ ს საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ანგარიშის საფუძვლად ორგანიზაციამ გამოიყენა საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.
ორგანიზაციამ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში 2021 წლის სექტემბერში, ხოლო 2022 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნა.
ძირითადი მიგნებები
· ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობას მერიის კონტროლის პოლიტიკური ნება არ აქვს;
· საკრებულოში ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის ინიციატივებს უჭერენ მხარს, ოპოზიციური ფრაქციების წინადადებები კი ხშირ შემთხვევაში სხდომაზეც არ გააქვთ;
· ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს 12 და ბიუროს 24 სხდომა გაიმართა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბათუმის საკრებულოს საანგარიშო პერიოდში რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია, კომისიების სხდომები კი კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა;
· საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო;
· საკვლევ პერიოდში საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად;
· საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 2,175,343 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 993,423 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 1,181,920 ლარი;
· საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურებიდან 93,626 ლარი არის პრემია/დანამატები;
· 2023 წელს საკრებულოს დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციების მომსახურებისათვის დაიხარჯა 23,392 ლარი, საკრებულოს სატრანსპორტო პარკის მოვლა-შენახვისათვის – 18,309 ლარი და საწვავით უზრუნველყოფისათვის – 73,851 ლარი;
· მნიშვნელოვნად გაუარესდა ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი.

ასევე დაგაინტერესებთ