2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.
2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას “აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა “ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.
2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა.
სამხედრო ესლაკაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.
რონდელის ფონდის მკვლევარმა, დავით ბატაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი შეისწავლა.
მისი მოკვლევით:
17 აპრილს აფხაზეთში ჩავიდა და ოჩამჩირეში განთავსდა 300-მდე რუსი ჯარისკაცი.
20 აპრილს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო უიარაღო ქართული დრონი, რომელიც აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალების ზრდას აკვირდებოდა. მაისში რუსეთმა კიდევ რამდენიმე ქართული დრონი ჩამოაგდო.
18 აპრილის ბოლოს მოსკოვმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთში გზავნიდა ნოვოროსიისკში ბაზირებული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 400 ჯარისკაცს. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა სამშვიდობო ოპერაციების შესახებ დსთ-ის შეთანხმების დარღვევას. 2008 წლის აპრილში აფხაზეთში გაგზავნილი რუსული ძალები ეკუთვნოდა მე-7 დივიზიის 108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკს. აფხაზეთში ასევე გაიგზავნა რუსული სპეცდანიშნულების
ძალების ორი ასეული, ხოლო სხვა სპეცდანიშნულების ძალები გაიგზავნა ცხინვალის რეგიონში.
2008 წლის 31 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების გაგზავნის შესახებ. ამ ჯარების 400 სამხედროს დაევალა სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია. ამ ნაბიჯით რუსეთმა დაარღვია სამშვიდობო ფორმატი.
ქართულმა მხარემ ეს აქტიურად გააპროტესტა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არავის სჭირდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების გაგზავნა, თუ ის იქ სამხედრო ინტერვენციას არ გეგმავს.
რუსმა ჯარისკაცებმა სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო ხაზის შეკეთება დაასრულეს 30 ივლისს – საქართველოში რუსული სამხედრო კამპანიის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე.
აგვისტომდე რუსეთი ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა.
2008 წლის ივნისის შუა რიცხვებში იყო აფეთქებები და ნაღმებთან დაკავშირებული ინციდენტები “ქართული კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების: კეხვი, ერგნეთი და თამარაშენი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიციის კოხათის პოსტის სიახლოვეს.
3 ივლისს მოხდა ცხინვალის რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ მიმართული აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე ქართველი პოლიციელი, სხვა აფეთქების შედეგად კი დაიღუპა ცხინვალის შეიარაღებული დაჯგუფებების ერთ-ერთი მეთაური. ამ ინციდენტებს 3-4 ივლისის ღამეს მოჰყვა საცეცხლე შეტაკებები.
8 ივლისს ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში. ამგვარი დარღვევების წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა.
აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, 9 ივლისს საქართველოში ვიზიტის წინა დღეს.
10 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ემზადებოდნენ აფხაზეთსა ან/და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლო ინტერვენციისთვის, თუკი იქ დაიწყებოდა საბრძოლო მოქმედებები.
15 ივლისს რუსულმა ჯარმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ-2008“. სწავლების დროს რუს ჯარისკაცებში ვრცელდებოდა საინფორმაციო ფურცელი სახელწოდებით „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“. ფურცელი შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ.
სწავლება „კავკაზ-2008“ დასრულდა 2 აგვისტოს – საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრამდე ხუთი დღით ადრე. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული შეიარაღებული ძალების სპეციალისტის დეილ ჰერსპრინგის თქმით, „ეს სწავლება იყო ზუსტად ის, რაც მათ [რუსებმა] საქართველოში რამდენიმე კვირის შემდეგ განახორციელეს“. მისი აზრით, ეს იყო „გენერალური რეპეტიცია“. 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის პოლკოვნიკმა ანდრეი კრასოვმა მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ სწავლების დროს 76-ე დივიზიის ჯარისკაცებმა „ზედმიწევნით შეისწავლეს როკის გვირაბისკენ მიმავალი ყველა გზა“.
2 აგვისტოს, სწავლების დასრულების შემდეგ, ზოგი რუსული სამხედრო დანაყოფი არ დაუბრუნდა თავის მუდმივ ბაზას და საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დარჩა. შედეგად, „მათ შეეძლოთ სამხრეთ ოსეთში სწრაფად შესვლა როკის გვირაბის გავლით, შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში“. მოგვიანებით ეს ფაქტი დაადასტურა ანატოლი ხრულიოვმა, 58-ე არმიის მეთაურმა, რომელიც დაიჭრა ქართველ ჯარისკაცებთან 9 აგვისტოს მომხდარ შეტაკებაში. 2012 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ხრულიოვმა თქვა, რომ სწავლების შემდეგ „არმიის ზოგი შენაერთი და დანაყოფი არ დაბრუნდა თავის ყაზარმებში, არამედ დარჩა მთებში, როკის გვირაბის მისადგომებთან“.
რუსებმა ასევე განაგრძეს აფხაზეთში მყოფი თავისი ჯარების გაძლიერება.
24-28 ივლისს მოხდა „რამდენიმე აფეთქება ცხინვალის სამხრეთ მიდამოებსა და ქართული კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ ავნევში, ქართული სამშვიდობო ძალების ბატალიონის პოსტთან ახლოს“. 29-31 ივლისს მიდიოდა საცეცხლე შეტაკებები „ქართული კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ სვერსა და სამხრეთოსური კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ ანძისს“, ასევე „ხეთაგუროვოს მახლობლად სამხრეთოსური მილიციის პოსტსა და ავნევი-ზემო ნიქოზის შემოვლით გზაზე ქართული პოლიციის
პოსტს“ შორის.
“1 აგვისტოს, ერედვი-ხეითის ქართულ შემოვლით გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. 1-2 აგვისტოს საღამოსა და ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ადგილი ჰქონდა სნაიპერული და ნაღმტყორცნების ცეცხლის ინტენსიურ და ფართო გაცვლას“. 2-3 და 3-4 აგვისტოს ღამესაც მიმდინარეობდა საცეცხლე
შეტაკებები.
ომის წინა დღეებში რუსეთიდან საქართველოში შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფები შემოდიოდნენ. 4 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდა 300 „მოხალისე“ და იგი ელოდა მათი რაოდენობის 2000-მდე გაზრდას.
მომდევნო დღეს კოკოითის რეჟიმის წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შემოვიდნენ „მოხალისეები“.
5 აგვისტოს რუს კაზაკთა სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რომელიც ასევე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან და როსტოვის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად იყო „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოსთან საომრად მებრძოლთა გასაგზავნად. რუს კაზაკთა სხვა ჯგუფების ლიდერებმაც გამოთქვეს ამისთვის მზადყოფნა. 50 ომის შემდეგ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ „მოხალისეთა“ მობილიზება იყო ცენტრალურად დაგეგმილი და ხორციელდებოდა ოფიციალურად, ჩრდილოეთ კავკასიაში რეგიონული და რაიონული სამხედრო კომისარიატების მეშვეობით, და რომ „მოხალისეთა“ უმრავლესობა მიამაგრეს რუსული რეგულარული ჯარის მე-19 დივიზიას.
6 აგვისტოს რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ დაწერა, რომ „სამხრეთ ოსეთში მოხალისეები მოსკოვიდანაც კი ჩადიოდნენ“.
6 აგვისტოს შუადღიდან „საცეცხლე შეტაკებები მიდიოდა ქართულ და სამხრეთოსურ მხარეებს შორის კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე, ხოლო განსაკუთრებით ცხელი წერტილები იყო ავნევი-ნული ხეთაგუროვოს (ცხინვალიდან დასავლეთით) და დმენისიფრისის (ცხინვალიდან აღმოსავლეთით) არეალებში“.
ქართული სამშვიდობო ძალების პოსტი სარაბუკის სიმაღლეებზე ასევე მოექცა ცეცხლის ქვეშ, რის შედეგადაც დაიჭრა სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი.
რუსული მედიის მონაცემებით, 6 აგვისტოს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ძალები მოძრაობდნენ როკის გვირაბის მიმართულებით. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა სავსე იყო რუსულ მძიმე ტექნიკისა და სატვირთო მანქანებისგან შემდგარი სამხედრო კოლონებით.
***
ცხინვალის რეგიონში ცეცხლი, არტილერიის გამოყენების ჩათვლით, გაგრძელდა 7 აგვისტოს დილას და შუადღეს. 14:00 საათზე ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტი სოფელ ავნევში მოექცა ძლიერი საარტილერიო დარტყმის ქვეშ, რის შედეგადაც დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი.
საღამოს საარტილერიო ცეცხლი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რის შედეგადაც ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების უმეტესობა დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა.
7 აგვისტოს საკვანძო მოვლენა იყო საქართველოში რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო სამხედრო ძალების შემოჭრა.
საქართველოს მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ომის შემდგომი ინფორმაცია რუსულ მედიაში, რომელიც გადაურჩა კრემლის ოფიციალური პოზიციის (რომლის მიხედვითაც რუსული ჯარი საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა) ფილტრს, რუსული სისხლის სამართლის ოფიციალური გამოძიება, რომელიც გაასაჯაროვა ფონდმა „დედის უფლება“ (ადამიანის უფლებათა დამცველი რუსული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ჯარში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს), და სოხუმის
რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში – ყველა ეს წყარო ადასტურებს, რომ საქართველოზე რუსული თავდასხმა 7 აგვისტოს უკვე დაწყებული იყო.
7 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის შემოჭრის პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ ასევე დაიწყო რუსული კიბერშეტევა, როდესაც „რამდენიმე ქართული სერვერი და ინტერნეტტრაფიკი იყო აყვანილი გარე კონტროლის ქვეშ. მანამდე, ცალკეული კიბერშეტევა განხორციელდა 20 ივლისს, როდესაც 24 საათით გაითიშა პრეზიდენტ სააკაშვილის ვებსაიტი.
აგვისტოს განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი იღებდა სადაზვერვო მონაცემებს რუსული ჯარების შესახებ, რომლებიც იკრიბებოდნენ როგორც საქართველოს ჯავის რაიონში, ისე როკის გვირაბის რუსულ მხარესაც.
13:00 საათზე სააკაშვილმა „გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა განეხილათ არსებული ვითარება, რომელიც სწრაფად უარესდებოდა“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო ზარების შესახებ, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ „რუსებმა დაამყარეს კონტროლი როკის გვირაბზე და შემდეგ გაატარეს მასში თავისი ძალები“. ქართველებს არ ჰქონდათ ზუსტი მონაცემები საქართველოში შემოჭრილი რუსული ძალების რაოდენობის შესახებ, თუმცა, მათი შეფასებით, იმ მომენტში ეს დაახლოებით ბატალიონი იყო”.
7 აგვისტოს, 23:00 და 23:30 საათს შორის (სხვადასხვა მკვლევარი განსხვავებულ დროს მიუთითებს), სააკაშვილმა მიიღო ახალი სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებს როკის გვირაბის გავლით საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოჰყავდათ, ხოლო ის რუსული ძალები, რომლებიც უკვე იყვნენ საქართველოში შემოჭრილი, სამხრეთისკენ დაიძრნენ.
სვანტე კორნელის, იოჰანა პოპიანევსკის და ნიკლას ნილსონის მიხედვით, „დაახლოებით საღამოს 11 საათზე [7 აგვისტოს] საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ინფორმაცია, რომ 100-ზე მეტი რუსული სამხედრო მანქანისგან შემდგარი კოლონა მოძრაობდა როკის გვირაბის გავლით“.
7 აგვისტოს, 23:35 საათზე, სააკაშვილმა „დაურეკა საქართველოს გენშტაბის უფროსს, ზაზა გოგავას, და მისცა ორი ბრძანება: შეეჩერებინა ცხინვალის მიმართულებით მოძრავი და როკის გვირაბიდან გამომავალი რუსული კოლონები და ჩაეხშო ქართული პოზიციებისა და სოფლების ოსური დაბომბვა. ზარის დასრულების შემდეგ იგი შეყოვნდა, შემდეგ კვლავ აიღო ტელეფონი და დაამატა მესამე ბრძანება: სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა.
ამ ბრძანებების მიღების შემდეგ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია.
შემდგომში ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში რუსულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც მთელი ომის (7-12 აგვისტო) განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში როკის გვირაბითა და აფხაზეთის გზით. რუსეთის სახმელეთო ძალებს აქტიურად უჭერდა მხარს მისივე ავიაცია, რომელიც ბომბავდა საქართველოს, და სამხედრო ფლოტი, რომელმაც საქართველოს სანაპიროს ბლოკადა მოახდინა.
***
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.