მერიაში ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულას ქუჩაზე, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია. უწყებაში ამბობენ, რომ დამკვეთს დამატებითი კვლევების წარდგენა დაევალა.
„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ.
აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.
კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.
მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები.
დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი