სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე – არ ვიცი საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს

ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე.
მისი თქმით, ასევე, სირთულეები აქვთ უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ისაუბრა ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას.
„სხვათა შორის, საკითხი დგას, ასევე, მთელი რიგი უკრაინელი და რუსი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც სირთულეები აქვთ აქ შემოსვლის ან დარჩენის, არ არის პირველი. არ ვიცი ამ საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს. ჟურნალისტების, მითუმეტეს უცხოელი ჟურნალისტების უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან უნდა იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას“, – დასძინა პრეზიდენტმა.
თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.