საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ისაუბრა. მან ახსენა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ თამაზ გინტურის მკვლელობაც და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ქართველების წინააღდეგ “ძალადობის კიდევ ერთი აქტი”.
ბოლო დროს საქართვლოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისსავე სოფლის, კირბალის სიახლოვედ, გორის მუნიციპალიტეტში არის ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ძალადობრივი აქტი”. – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დარჩიაშვილის თქმით, ჯერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ, ხოლო შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს. ამასთან, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო.
“ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტური პრინციპები და ძირითადი დებულებები გამუდმებით და უხეშად ირღვევა – მაშინ როდესაც ეუთო მის მე-50 წლისთავს უახლოვდება. 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონის უსაფრთხოებას. ამას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა გადასახლებულიყო”. – თქვა მან.
