Evolution Georgia საქართველოში საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავს

Evolution Georgia, რომელიც თანამშრომლებთან შრომით დავაშია, საქართველოში საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავს – ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. კომპანია მიუთითებს, რომ თანამშრომელთა გაფიცვის და მათი კარების წინ კარვის გაშლის გამო, ოფისის შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის ოპერირება ამჟამად გაჩერებულია.
კომპანია ვითარების გართულების შემთხვევაში საქართველოში ოპერირების გაგრძელების საკითხის გადახედვასაც არ გამორიცხავს და მიუთითებს, რომ ეს ათასობით დასაქმებულის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ელი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვანხორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა და რომელმაც მომხმარებელთა მხრიდან ძირითადად “ჰაჰა” ემოცია დაიმსახურა.
აზარტული თამაშების აუთსორს სერვისების მიმწოდებელი შვედური კომპანია Evolution Gaming-ი უკვე მეორე თვეა რაც დასაქმებულებთან შრომით დავაში არის ჩართული, კომპანიაში დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურებების ზრდას მოითხოვენ. კომპანია მთლიანობაში 7 ათასამდე ადამიანს ასაქმებს საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ