“ევოლუშენ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ თუ თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება ხელშეკრულებები შეწყვიტოს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროფკავშირების მიერ “ევოლუშენის” შენობის შესასვლელების ბლოკირება იმოქმედებს როგორც კომპანიაზე, ასევე მის მოქმედ თანამშრომლებზე, რომლებსაც მუშაობის გაგრძელება სურთ.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ამ განცხადებას პროფკავშირმა “ლაბორი” უპასუხა. მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ლაბორის” ინფორმაციით, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტი ქმნის “ზონდერ ჯგუფებს” რომლებიც დაუპირისპირდებიან გაფიცულებს, მათ შორის ფიზიკურად.
ამავე განცხადებით მათ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს “ევოლუშენის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალყური ადევნონ და მდგომარეობით დაინტერესდნენ.
