წინა წელთან შედარებით, წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ვერ იქნება – ოთარ ნადარაია

„წინა წელთან შედარებით, წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ვერ იქნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია ტრადიციული ტურიზმი, გზავნილები და ასევე დაკრედიტების ზრდა.
„რა არის ეკონომიკური ზრდის ფაქტორები? პირველ რიგში ტრადიციული ტურიზმი. ჩვენ გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ თიბისის არხებით უცხოელი ვიზიტორების ხარჯებს და ამ მხრივ ძალიან დიდი ზრდაა ივლისშიც;
მიგრაციის ეფექტი დაახლოებით ერთ დონეზეა – ბევრი ჩამოდის და გადის, ბრუნვა დიდია;
სხვა ფაქტორებიდან იმასაც დავამატებ, რომ გზავნილები არ მცირდება. სწრაფი გადმორიცხვები შემცირებულია, მაგრამ ანალიტიკური თვალსაზრისით, რასაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, საგადამხდელო ბალანსში გზავნილები მზარდია, 15% იყო პირველ კვარტალში;
საკრედიტო დაბანდება ძლიერია. ივნისში თვე-თვეზე ვხედავთ გარკვეულ „შენელებას“, რაც სენტიმენტებთანაა კავშირში;
ექსპორტს რაც შეეხება, ადგილობრივი ექსპორტის კუთხით, ვხედავთ გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციას (ფერო, ღვინო), თუმცა, წინა წელთან შედარებით, წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ვერ იქნება. მთავარი ფაქტორებია ტრადიციული ტურიზმი, გზავნილები და ასევე დაკრედიტების ზრდა“, – აცხადებს ოთარ ნადარაია.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპი მომდევნო პერიოდში ცოტა უფრო დანორმალიზდება.
„ივნისში ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჩვენი პროგნოზი ივნისისთვის იყო 8.1% და 7.5% გამოვიდა ფაქტობრივი. პირველ 6 თვეში ზრდა მაღალია. მთელი წლის პროგნოზი ჩვენი 7.4%-ია ჯერჯერობით. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდში ცოტა უფრო დანორმალიზდება ზრდა. თუმცა, ზრდა აშკარად ძლიერია. ჩვენ გავიარეთ ის პერიოდი, როცა ორნიშნა ზრდის ტემპი გვქონდა, ეს მუდმივად ვერ შენარჩუნდებოდა“, – აცხადებს ნადარაია.