თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.
„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს განზომილებად და უცვლელ პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამშვიდობო ინიციატივებით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებაზე, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დღემდე შეზღუდული აქვს წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ვფიქრობთ, ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედება შექმნის გამყოფი ხაზის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის საშუალებას, ისეთი მომსახურების თუ სარგებლის მიღების მიზნით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. მსურს, კიდევ ერთხელ, გადავუხადო მადლობა ყველა კოლეგას და პარტნიორ ორგანიზაციას, ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისთვის,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„პორტალი შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.