ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2024

გიორგი გობრონიძე – “ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან რთულია…”
რუსებმა ჩასოვ იარში უკრაინელთა დაცვის ხაზი გაარღვიეს, დონბასში ვითარება სულ უფრო უარესდება
თორნიკე შარაშენიძე – “ტრამპმა რომც მოინდომოს, ამ ომს ასე ადვილად ვერ დაასრულებს…”
* * *
გიორგი გობრონიძე – “ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან რთულია…”
“თეირანს აუცილებლად მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რა იქნება ეს, რთული სათქმელია. ჩვენი ინტერვიუ 3 აგვისტოს იწერება, ვფიქრობ, უახლოეს 72 საათში გაირკვევა, რას აპირებს ირანი. აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, რაც თეირანს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ჯერ ერთი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მაღალჩინოსანს კლავენ. გაგახსენებთ, ყასიმ სოლეიმანის მკვლელობის ამბავს. მაშინ ოფიციალურმა ვაშინგტონმა გასცა მისი ლიკვიდაციის ბრძანება, თანაც ის წარმოადგენდა უშუალოდ ირანის ხელისუფლებას – იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი. ჰანიე არ ყოფილა ირანის სახელისუფლებო ვერტიკალის ნაწილი, მაგრამ ის იყო თეირანის მართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროქსიჯგუფის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, ირანი იძულებულიც კი არის გასცეს პასუხი ისრაელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მმართველი ვერტიკალის იმიჯი და გავლენა მნიშვნელოვნად შეირყევა “ჰამასსა” და სხვა პროქსიჯგუფებში”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან რთულია…”
“გარდა ამისა, მკვლელობა მოხდა ირანის დედაქალაქში, დემონსტრაციულად, რაც შეიცავდა რამდენიმე გზავნილს, მათ შორის იმას, რომ ირანში არავინ არის დაცული სგან, რომ ირანს არ შეუძლია დაიცვას თავისი სტუმრები და ყველა, ვინც რაიმე ტიპის ურთიერთობას შეეცდება თეირანთან, უნდა დაფიქრდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ამით ასევე აჩვენეს, როგორ ჩაფლავდნენ ირანის სპეცსამსახურები. მოკლედ, ეს არ იყო მხოლოდ ლიკვიდაციის ოპერაცია, ეს იყო სილის გაწვნა ისლამური რეჟიმისთვის და ახლა ამ უკანასკნელმა უნდა გადაწყვიტოს, რა პასუხს გასცემს ყოველივე ამას. შესაძლოა ეს იყოს ისრაელზე უშუალოდ ირანიდან სარაკეტო თავდასხმა, ასევე შესაძლებელია ერთობლივი სარაკეტო შეტევა სატელიტებთან ერთად, რისი ამოცანაც იქნება ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მაქსიმალური გადატვირთვა და ისრაელისთვის ზიანის მიყენება. შესაძლოა ამ ყველაფერთან ერთად დაიწყოს ჩრდილოეთიდან “ჰეზბოლას” სახმელეთო შეტევა ისრაელზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, ნებისმიერ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს მწვავე სამხედრო კონფლიქტსა და დიდ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“წლებია პროცესები ისე მიდის, რომ ირანი და ისრაელი ერთმანეთს უნდა შეეჯახონ და ამ პროცესში -საც მოუწევს ჩართვა. დღეს არის ასეთი ვითარების ერთ-ერთი კრიტიკული მომენტი. სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც პროგნოზირებადს გახდიდა თამაშის წესებს. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რას გადაწყვეტს ირანი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მან მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში მოახდინოს ცალკეული პირების ლიკვიდაცია, რათა აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ ისრაელს არ ხელეწიფება… თეირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციაში პირადად მე ვერაფერს მიუღებელს და გაუგებარს ვერ ვხედავ. პოლიტიკურ რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ირანი ჩვენი რეგიონის ქვეყანაა, მოგვწონს ეს თუ არა. ის ახლო აღმოსავლეთში ძალიან გავლენიანი სახელმწიფოა და იმავდროულად, კავკასიის რეგიონშიც მნიშვნელოვანი აქტორი. ის ჩვენ არ გვესაზღვრება, მაგრამ მეზობელ ქვეყნად ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან კარგი ურთიერთობა, ისევე როგორც სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიტომაც არ მესმის ლაპარაკი, რა გვინდოდა ირანში, სადაც ანტიამერიკული და ანტიისრაელური ლოზუნგები ისმოდაო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფრჩხილებს გარეთ გაიტანოს სამეზობლო პოლიტიკა და ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან. თავის დროზე ც მშვენივრად ახერხებდა ირანთან კომუნიკაციას. საქართველო-ირანის ურთიერთობა ერთია და ირან-ამერიკის ან ირან-ისრაელის – სხვა… მათ თავიანთი პრობლემები აქვთ… აქ მთავარია საქართველო-ირანის ურთიერთობამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ჩვენ გავხდეთ მისი მოკავშირე აშშ-ის წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელია. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბა არა ირანის, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. მათ შორის ერთ-ერთია ქვეყანაში ძალაუფლების კონსოლიდაციის სურვილი, ასევე დემოკრატიზაციის რევერსიის მცდელობა და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება. შესაბამისად, ირანის ფაქტორი აქ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს. გამომდინარე აქედან, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, არა მგონია, რაიმეს მომცემი იყოს ირანთანაც ურთიერთობის გაფუჭება”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ჩემი აზრით, ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე აშშ-თან. როგორც ვიცი, ანაკლიის კონსორციუმში, ჩინურ კომპანიასთან ერთად, იქნება ევროპული კომპანიაც, რომელიც პორტის გაღრმავების სამუშაოებს შეასრულებს. საბოლოოდ მაინც მგონია, რომ საქმე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე არ მივა. ჩემი აზრით, ეს მთავრობას დიდს არაფერს დააკლებს, მაგრამ გაუუარესებს ევროპის აღქმას ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ მოქცეულია კონსერვატიული ნარატივების ტყვეობაში. როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, ჯობს ისიც გაითვალისწინონ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ ევროპაში უვიზოდ ჩავალთ თუ არა, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და თქვენთვის… იმედია, ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და არ გაუარესდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმგვარად, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საწყის წერტილამდე დაბრუნება ძალიან გაძნელდეს. რაც შეეხება აშშ-ს, ო’ბრაიენმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა ის წინააღმდეგობები, რაც არსებობს ჩვენ შორის. მან ახსენა დემოკრატიული განვითარება, ე.წ. რუსული კანონი და ამასთანვე, ახსენა მთავარი – ის, რომ აშშ-ს არ სურს ანაკლიის კონსორციუმში ჩინური კომპანიის ყოფნა, რაც ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია შავი ზღვის აუზში ჩინელების გამოჩენა”, – განმარტავს გიორგი გობრონიძე.
“ეს მიუღებელია სთვისაც. მე მთელ ამ ვითარებას სწორედ ჩინური ფაქტორიდან გამომდინარე განვიხილავდი. როგორც წესი, ქართველ საზოგადოებას მნიშვნელოვანი რამეები გამორჩება ხოლმე… ჩემი დაკვირვებით, აშშ-თან ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო 2016 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩინეთთან დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ დაახლოება, რაც ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. მე ადრეც ვაკეთებდი ამ ტენდენციაზე მინიშნებას, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. პანდემიის დროს ჩინურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით თვალში საცემი იყო და ლამის პიარაქციები დაიწყო ჩვენი პარტნიორობის თაობაზე. გაგახსენებთ, როდესაც დასავლეთიდან ვაქცინების შემოტანაზე შეგვექმნა პრობლემა, ჩინეთმა გამოგზავნა თავისი ვაქცინები, თან ძალიან საინტერესო წარწერით, მეგობარი გასაჭირში იცნობაო… აი, აქედან დაიწყო ლაპარაკი ქართულ-ჩინური მეგობრობის პარადიგმაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი აირეკლა ჩვენი და ამერიკის ურთიერთობაზე”, – თვლის რესპონდენტი.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ეს პოლიტიკა ჩემი აზრით, არის მცდელობა, საქართველო გადავიდეს მულტივექტორულ პოლიტიკაზე, რაც გარკვეულწილად საინტერესოა, თუმცა გაცილებით საინტერესო იქნებოდა, სადმე სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე და იქიდან ვაკვირდებოდე მოვლენებს, რადგან არავინ იცის, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ექსპერიმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, ან დასრულდეს აბსოლუტური კრახით, რადგან ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან საფრთხილოა. აქედან ქვეყანამ შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელიც, მაგრამ მულტივექტორული პოლიტიკის გატარებას სჭირდება ისეთი დიპლომატიური ცოდნა, გამოცდილება და სიფრთხილე, რაც ჩვენს ხელისუფლებას საეჭვოა ჰქონდეს. სწორედ ამაშია დიდი პრობლემა. საჭიროა ფრთხილი ბალანსის დაცვა – თუ ჩინეთთან ურთიერთობებს ვაუმჯობესებთ, ეს არ უნდა ნიშნავდეს დასავლეთთან დამოკიდებულების გაუარესებას. ასეთ შემთხვევაში რა მულტივექტორული პოლიტიკა გამოგვივა?! ამას წინათ, ვოლსკი ამბობდა, ჩვენი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მათ ინტერესებს საქართველოში არ დააზიანებსო. ამაზე თავიდანვე უნდა ეფიქრათ და ხიდების დაწვა არ უნდა დაეწყოთ”, – დაასკვნის ექსპერტი.
“რაც შეეხება აშშ-ის არჩევნებს, ძალზე არაპროგნოზირებადი პერსონაა. კი გაიძახის, 24-საათში დავასრულებ ში ომსო, მაგრამ მან ეს შესაძლოა ბირთვული ულტიმატუმის წაყენებით სცადოს. ბევრს ჰგონია, ტრამპი აშშ-ში რუსული ფაქტორია, რაც სისულელეა. მის განცხადებებს ბოლომდე თუ მოვისმენთ, ვნახავთ, რომ რუსეთისადმი სულაც არ არის ლოიალური. მაგალითად, მან თქვა, ჩემი პრეზიდენტობის დროს რომ გაებედა რუსეთს უკრაინაში შეჭრა, მოსკოვს დავბომბავდიო. შესაბამისად, ტრამპი არის ლიდერი, რომელიც ბირთვულ აპოკალიფსს გვპირდება. ის არის ლიდერი, რომელმაც საქართველოს მისცა ლეტალური იარაღი, რომელმაც დაბომბა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზები… აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ტრამპი იქნება ის ფაქტორი, რომელიც რუსეთის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მეტიც, რესპუბლიკელებმა იმაზეც კი ილაპარაკეს, რომ მზად არიან ლენდ-ლიზის ფარგლებში ყველა შეზღუდვა მოხსნან იარაღის მიწოდებაზე”, – დასძენს გობრონიძე და შეკითხვაზე – “ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან ეიმედება ტრამპი. მიიჩნევენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს, აუცილებლად გაუმჯობესდება აშშ-საქართველოს ურთიერთობა” – პასუხობს:
“ამერიკასთან ურთიერთობის გაჯანსაღება შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მოახერხებს და დაუსაბუთებს თეთრ სახლს, რომ არ გეგმავს ამერიკის ინტერესების შელახვას… რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ჩემი დაკვირვებით, სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს სახელმწიფო ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკური კლასი. ასეთი პოლიტიკოსების დეფიციტია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. დღეს თუ რაიმე შეიძლება გახდეს ხელისუფლების ცვლილების წინა პირობა, ეს იქნება “ქართული ოცნებით” საზოგადოების უკიდურესი იმედგაცრუება.
რუსებმა ჩასოვ იარში უკრაინელთა დაცვის ხაზი გაარღვიეს, დონბასში ვითარება სულ უფრო უარესდება
“უკრაინის სამხრეთში სიტუაცია კრიტიკულია. უკრაინული ნაწილები, რომელთაც საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ, უკან დახევას აგრძელებენ. ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არხი რამდენიმე ადგილას გადალახეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩასოვ იარიდან უკრაინული ნაწილების გასვლას პროგნოზირებს. გარდა ამისა, კრიტიკული სიტუაციაა კიდევ ორ მიმართულებაზე – ტორეცკთან და პოკროვსკთან. უახლოეს დღეებში შესაძლოა დონეცკის ოლქის ამ ქალაქებშიც დაიწყოს ქუჩის ბრძოლები. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე კი შედარებით სტაბილური ვითარებაა. რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ რუსული ძალები დონეცკის ოლქზე არიან კონცენტრირებული, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებიც აქ ჰყავთ და მათი წინსვლის მიზეზიც ესაა. სხვა მიმართულებებზე კი დიდად არ აქტიურობენ. მისი ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთში რუსები ცდილობენ გაიჭრან მდინარე ასკოლთან, ჩრდილოეთში მდებარე ასკოლის წყალსაცავის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსებმა ჩასოვ იარში უკრაინელთა დაცვის ხაზი გაარღვიეს, დონბასში ვითარება სულ უფრო უარესდება.
“სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ბრძოლების ინტენსივობა ასევე დაბალია. აქ რუსული ძალები ასევე უშედეგოდ ცდილობენ უკრაინელებს უკან დაახევინონ ორეხოვოს მიმართულებით შარშანდელი კონტრშეტევის შედეგად მოპოვებული პლაცდარმიდან. ასეთივე დაბალი ინტენსივობის ბრძოლა მიდის ველიკი ნავასიოლკი-უგლედარის მონაკვეთზეც. მთავარი მოვლენები კი, ფიოდოროვის თქმით, დონეცკის ოლქში ხდება, სადაც გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება – ჩასოვ იარი, ტორეცკი და პოკროვსკი. ჩასოვ იარში ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსულმა ნაწილებმა შეძლეს სევერსკი დონეცის არხის გადაკვეთა და ბრძოლა უკვე არხის დასავლეთ ნაპირზე მიდის. ეს რუსული არმიისთვის სერიოზული წარმატებაა, რადგან არხი წინსვლისათვის ბუნებრივ წინაღობას წარმოადგენს და მისი დაცვაც უკრაინელებისათვის მარტივი იყო. დაიწყო ბრძოლა ქალაქის მიკრორაიონ ოკტიაბრსკისათვის. ტორეცკის მიდამოებში რუსებმა უფრო მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. მთავარი ბრძოლა მიდის დასახლებულ პუნქტ ნიუ იორკთან, რომელსაც ნაწილობრივ უკვე რუსები აკონტროლებენ. ამ დასახლებული პუნქტიდან ჩრდილოეთით კი რუსულმა ძალებმა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ტორეცკამდე მათ კილომეტრნახევარი აშორებთ. რუსი ექსპერტის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში უკვე უშუალოდ ტორეცკისთვის დაიწყება ბრძოლა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება პოკროვსკის მიმართულებას, რუსებმა აქაც შეძლეს უკრაინის დაცვის ხაზის გარღვევა და უკვე უშუალოდ ქალაქს უახლოვდებიან. ბრძოლა მიდის კრინიგზის ხაზის გაყოლებაზე, რომელიც პოკროვსკს ოჩერეტინოსა და ავდეევკასთან აკავშირებს. დონეცკის ოლქში რუსები წინსვლას ადასტურებენ როგორც უკრაინული, ასევე ამერიკული და ევროპული წყაროები. მათი შეფასებით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და რუსული ნაწილები დონბასის საკვანძო ქალაქებს უახლოვდებიან. ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა პოკროვსკში, რომელიც უკრაინული არმიის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. მისი დაცემის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაჭირდება უკრაინული ძალების მომარაგება მთელი დონბასის მასშტაბით. ამავე წყაროს ცნობით, რუსებმა ამ ქალაქის მახლობლად დასახლებული პუნქტები პროგრესი და ევგენიევკა აიღეს, რის შედეგადაც უკრაინული დაჯგუფება “შეზღუდულ ალყაში” მოექცა”, – განაგრძობს გამოცემა.
“პროექტ “დიპ სტეიტის” ანალიტიკოსთა შეფასებით კი, მდგომარეობა კრიტიკულია და დღითიდღე უარესდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩასოვ იარს, სადაც რუსებმა მთლიანად დაიკავეს კვარტალი სახელწოდებით “არხი”. უკრაინელი სამხედრო მიმომხილველების ცნობით, “არხის” დაკავება რუსებმა საკმაოდ დიდი დანაკარგების ფასად შეძლეს, თუმცა ამის შედეგად უკვე რეალური გახდა ქალაქის დაცემა, რამაც შესაძლოა “მნიშვნელოვნად შეცვალოს დონბასის საბრძოლო-ოპერატიული რუკა”. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, დონბასში რუსების წინსვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებას და მობილიზაციის შედეგებს ელოდება. მისი თქმით, “რუსები დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებენ და ფაქტობრივად წარმატებით იკავებენ სტრატეგიული ტიპის ქალაქებსა და რაიონებს. აქ მათ საკმაოდ დიდი ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა აქვთ, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტებზე მართლაც სიწყნარეა”, – დასძენს გამოცემა.
“ფრონტის ხაზზე უკრაინის ასეთი პასიურობის მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ ისინი სამხედრო დახმარებასა და მობილიზაციის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან. მობილიზება უკვე დაიწყეს და ფაქტია, მათ ამ საკითხში აშკარად პრობლემა აქვთ. პირველი “ეფ-16”-ები კი ჩავიდა, მაგრამ მის გამოყენებას როდის დაიწყებენ, ესეც უცნობია. რუსები კი, როგორც ჩანს, დაქირავებული მებრძოლებით მობილიზებას აპირებენ. პუტინმა სპეციალურ დადგენილებას ხელი უკვე ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც დაქირავებულ მებრძოლებს სამჯერ მეტ თანხას გადაუხდიან. ეს ნიშნავს, რომ რუსები ფრონტის გარკვეულ მიმართულებაზე წარმატებების მიღწევას ცდილობენ. ამის გარდა, რუსეთი ცდილობს, რომ რამენაირად უკრაინაზე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს, რათა სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. ბუნებრივია, უკრაინას პრობლემები აქვს, ისინი თავდაცვით ბრძოლაზე არიან გადასული და რამდენად აქვთ შემტევ პოზიციაში გადასვლის შესაძლებლობა, ესეც უცნობია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
თორნიკე შარაშენიძე – “ტრამპმა რომც მოინდომოს, ამ ომს ასე ადვილად ვერ დაასრულებს…”
“ამ გაცვლაზე აშშ-რუსეთის უსაფრთხოების უწყებებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება და მოხდა შეთანხმება. ეს არაპოლიტიზებული უწყებებია და ერთმანეთთან კონტაქტი სულ აქვთ. ჩვენთან რომ ჰგონიათ, გაბუტულები არიან და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ამერიკაში ერთმანეთს შეხვდნენ ეფ-ეს-ბესა და გე-ერ-უს დირექტორებიც, რადგან რაღაც საკითხებზე მათ სალაპარაკო აქვთ, თუნდაც ტერორიზმთან ბრძოლაზე… ომი კი სულ სხვა საკითხია და ჩემი აზრით, ამ გაცვლას არ უკავშირდება და ამ ომისთვის ჯერ არაფერს ნიშნავს. მოლაპარაკებებზე კი დღეს რომელიმე მხარესთან საუბარი შეუძლებელია, რადგან ერთს მთელი უკრაინა უნდა, მეორე კი აცხადებს, რომ უნდა დაიბრუნონ ის ტერიტორია, რაც უკრაინის საზღვრებში იყო. ასე მოლაპარაკება როგორ უნდა დაიწყოს?” – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპმა რომც მოინდომოს, ამ ომს ასე ადვილად ვერ დაასრულებს…”.
“როდესაც ასე მძლავრად არის ჩართული პროპაგანდა და მოწინააღმდეგეები ასეთი დემონიზებულები არიან – რუსული მხარე ფაშისტებს ეძახის უკრაინას და რუსეთში ეს სჯერათ, მეორე მხრიდან კი მთელი დასავლეთი ებრძვის რუსეთს და ასე უცბად იმის თქმა, მოდი, ცეცხლი შევწყვიტოთ და მოვილაპარაკოთო, ასე მარტივი არ იქნება. ჯერ უნდა მოხდეს საზოგადოების აზრის შეგუება, ამაზე მუშაობა კი ჯერ არ მიდის. საზოგადოებას რა უნდა უთხრა, აქამდე რუსი სატანა იყო და დღეს ველაპარაკებიო? ასე მარტივად ვერ გადაწყდება ეს საკითხი. პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებრივი აზრის შეგუებაზე მუშაობა უნდა მოჰყვეს. სხვა თუ არაფერი, ამერიკაში წინ ჯერ არჩევნებია და ვიდრე ეს არჩევნები არ დასრულდება, ამისთვის ვინ მოიცლის? ჯერ ვერც წარმომიდგენია, რაზე უნდა მოილაპარაკონ, ვინ რას დათმობს. ამერიკაში არჩევნების მერე დავინახავთ, რა შეიძლება მოხდეს, შეიძლება რაღაც გამოიკვეთოს, დღეს კი ძალიან ადრეა მოლაპარაკებებზე ფიქრი. რასაკვირველია, რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად მეტი მიიტაცოს, რათა მოლაპარაკების დროს უფრო ძლიერ პოზიციაში იყოს. ვნახოთ, ამას რამდენად შეძლებს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“უკრაინისთვის შედარებით მისაღები სცენარი იქნება (ჩავთვალოთ, რომ აღმოსავლეთ ტერიტორიებს კარგავს) უპირობოდ შეყვანა ევროკავშირში და მერე როგორ დალაგდება, სხვა ამბავია. მოუწერონ ხელი და მერე დაიწყონ მისი ინტეგრაცია. ეს არ იქნება მარტივი, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინა უზარმაზარი ეკონომიკაა და განსხვავებით მოლდოვასგან, მთელი რიგი პროცედურები დასჭირდება. თუმცა ქვეყანამ ამხელა მსხვერპლი გაიღოს და მერე კიდევ დაუწყოს ვაჭრობა პროცედურებით, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ლამაზი. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროცედურებზე ევროკავშირი თვალს დახუჭავს. მერე მივდივართ უფრო რთულ საკითხამდე – ეს იქნება ნატოში ინტეგრაცია და ეს იქნება რუსეთთან მთავარი მოსალაპარაკებელი. ჩემი აზრით, რუსეთი გადაყლაპავს იმას, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ნატოში ინტეგრაცია გამორიცხოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არ ვიცი, ეს ომი რამდენ ხანს გასტანს, იმ დროისთვის უკრაინელი ხალხი რა ფორმაში იქნება. ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსები რომ გაყარეს ხარკოვიდან, მაშინ გამოჩნდა რამდენიმე ოფიციალური სამხედრო, რომელთაც თქვეს, ახლა იყო მოლაპარაკებების დრო, რადგან უკრაინამ მაქსიმუმს მიაღწიაო, მაგრამ არ დაუჯერეს, გადაწყვიტეს, რომ იყო შანსი, მთლიანად უკრაინის ტერიტორიიდან გაეყარათ რუსები, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ვნახოთ, რა იქნება. თუ გაყრიან რუსებს, ძალიან კარგი, თუკი ვერა, რა გითხრათ. საბოლოოდ ყველაფერს პირობები წყვეტს და ვნახოთ, როგორი პირობები იქნება იმ დროისთვის. დღეს რომ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ცხადია… ახლა იმედი გამოჩნდა ფ-16-ების სახით. ამანაც თუ ვერ გაამართლა, მერე უკვე დიდი შანსია, უკრაინა იძულებული გახდეს მოლაპარაკებას დათანხმდეს რუსეთის პირობებით. მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ როგორც ამბობენ, გააჩნია, ამ მოდელის რა ვერსია მისცეს და რამდენი პილოტია მომზადებული, რასაც დიდი დრო სჭირდება. ჩემი აზრით, ამაზეა დამოკიდებული, შემოაბრუნებს თუ არა უკრაინა სიტუაციას და, თუკი ეს მოხერხდა, მაშინ სხვა მდგომარეობას მივიღებთ”, – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
“თუ ვერ შემობრუნდა სიტუაცია, ჯერჯერობით არ ჩანს დახმარების რაიმე საშუალება ვითარების შემოსაბრუნებლად. კონტრშეტევაზე უკრაინა ვერ გადადის და სწორიცაა, რომ არ გადადის, რადგან შარშანდელივით რომ ჩავარდეს, მორალური კატასტროფა იქნება, ომში კი მორალი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხალხი თუ დაინახავს, რომ ჩაიხოცნენ და შედეგს ვერ მიაღწიეს, მერე მართლა დიდი შანსია, ომის შეწყვეტა მოითხოვონ. ასეთ შემთხვევაში სულ სხვა პირობებით მოუწევს უკრაინას დათანხმება. მასობრივ შეტევაზე ვერც რუსები გადადიან, პოზიციურ ომს აწარმოებენ, სოფელ-სოფელ ცდილობენ წინ წაწევას, ოღონდ ძალიან ნელი ტემპით. საქმე ის არის, ასეთი ომი, რა თქმა უნდა, აწყობს იმას, ვისაც მეტი ცოცხალი ძალის რესურსი ჰყავს და ეს არის რუსეთი. ეს უკრაინის პრობლემაა – ომი მის ტერიტორიაზე მიდის. თავს ნუ მოვიტყუებთ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე კვირაში ერთხელ რაღაცას რომ დაბომბავს, ეს არ არის რუსეთისთვის კატასტროფა და ცხადია, დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს”, – განმარტავს თორნიკე შარაშენიძე.
“აშშ-იც, და საერთოდ დასავლეთიც, ელოდება ფრონტზე­ რაიმე გარდატეხას. ამერიკაც და დასავლეთიც დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რა განწყობა იქნება ხალხში – თუკი უკრაინას ომი უნდა, ესენი ვერ დაუშლიან და, თუკი ომი აღარ უნდათ, ვერ აიძულებენ იომონ… თუ ტრამპის აირჩეეს, მან რომც მოინდომოს, ასე მარტივად ვერ დაამთავრებს ამ ომს და მგონი, არც დაამთავრებს. ის შეეცდება უკრაინის ტვირთი ევროპელებს გადააბაროს. ამას შეეცდება, მაგრამ არა მგონია, ასე მარტივად უარი თქვას, ასე ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტზე. გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პომპეომ თქვა, ტრამპს გეგმა აქვსო, და მისი ნათქვამი, ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა, მხოლოდ კამპანიისთვის არის გათვლილი. ვგულისხმობ რუსეთისთვის რეპარაციის დაკისრებაზე ნათქვამს. რუსეთს რეპარაცია რომ დააკისრო, ჯერ ომში უნდა დაამარცხო, საამისო ნიშნები კი ჯერ არ ჩანს. იქ ეწერა, რომ ნახევარი ტრილიონი დოლარის დახმარებას მისცემენ უკრაინას და ამით დამარცხდება რუსეთი, მაგრამ ეს ნახევარი ტრილიონი ამერიკისთვისაც კი ძალიან დიდი ფულია, მით უმეტეს, ტრამპი არათუ ამ ფულის უკრაინისთვის მიმცემი არ არის, არამედ საერთოდ წინააღმდეგია, რომ ამერიკიდან ფული გადიოდეს. ასე რომ, ეს იდეა პიარი იყო”, – დასძენს ჯიპა-ს პროფესორი.

ასევე დაგაინტერესებთ