როგორ გამოიყურება ქართული ინტერნეტბაზარი ციფრებში

გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი – 53% იყო, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია იუწყება.
მარეგულირებელი, კომპლექსური კვლევის ანალიზის მიხედვით, ამტკიცებს, რომ “მაგთოკომი” ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად დომინანტურ პოზიციას იკავებს.
მისივე ინფორმაციით, „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ – 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ – 71-ს, „სქაიტელი“, რომელიც ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს – 212-ს, „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ – მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, გასულ წელს ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ ყველაზე მაღალი შემოსავალი – 146 მილიონი მიიღო, რაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით, „ახალი ქსელების ჯგუფის“ შემოსავალს 1055%-ით, ხოლო „სქაიტელის“ შემოსავალს 4092%-ით აღემატებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს, ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით (ARPU) „მაგთიკომი“ კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი – 23.05 ლარს, „სქაიტელისთვის“ – 20.13-ს, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 17.37 ლარს წარმოადგენდა.
მარეგულირებლის თანახმად, ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება. შედარებისთვის, „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს. ამასთან ერთად, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი – 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს წარმოადგენდა. გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი – 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, კომპლექსურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ფიქსირებული ინტერნეტბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარ რეგულირებას საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ