რატომ გვთხოვენ აეროპორტებში ჩანთიდან ლეპტოპის ამოღებას

ვისაც გასული ათი წლის განმავლობაში თვითმფრინავით უმგზავრია, ყველამ იცის, რამდენად სტრესული შეიძლება იყოს აეროპორტები.
რაც არ უნდა ადრე მიხვიდეთ, ჩასხდომის ჭიშკრამდე მისვლამდე უსაფრთხოების უამრავი შემოწმება უნდა გაიაროთ. ამასობაში, ვერ ასცდებით მომაბეზრებელ მოთხოვნას: „გთხოვთ, ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღეთ“.
საინტერესოა, რა კავშირი აქვს თქვენს ლეპტოპს უსაფრთხოებასთან?
დღე, რომელმაც საჰაერო მოგზაურობა სამუდამოდ შეცვალა
აეროპორტების უსაფრთხოება დრამატულად შეიცვალა -ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. იქამდე, უსაფრთხოების შემოწმება შეგეძლოთ გაგევლოთ ხელბარგის ჩანთით, რომელიც სავსე იქნებოდა ყველაფრით, რაც კი შეიძლება არდადეგებზე დაგჭირდეთ, მათ შორის 10-სანტიმეტრიანი პირის მქონე დანაც. სწორედ ასე აიტანეს 11 სექტემბრის ტერორისტებმა ბორტზე იარაღი.
11 სექტემბრის შემდეგ, სკანირების პროცესი მთელ მსოფლიოში ერთ ღამეში შეიცვალა. აშშ-ში, უსაფრთხოების კერძო კონტრაქტორები, რომლებსაც მინიმალურ ანაზღაურებას უხდიდნენ, უსაფრთხოების მაღალკვალიფიციური ფედერალური პროგრამით ჩაანაცვლეს. ხდება ნებისმიერი ნივთის კონფისკაცია, რომელიც კი შეიძლება იარაღად ჩაითვალოს.
მთელ მსოფლიოში, მგზავრებს უცბად მოსთხოვეს ფეხსაცმელების გახდა, ქამრების მოხსნა და მოსასხამების გახდა; ტელეფონების, ლეპტოპების, სითხეების და ნებისმიერი სხვა ნივთის ამოღება, რომლებიც შეიძლება ფეთქებადი მოწყობილობის ნაწილად გამოიყენონ.
ამ მიდგომამ რამდენიმე წელიწადს გასტანა. თანდათანობით, შეიქმნა სკანირების უფრო მოწინავე მეთოდები, რომლებიც ეფექტიანად ახდენენ გარკვეულ საფრთხეთა იდენტიფიცირებას. დღეისათვის, ზოგიერთ ქვეყანაში, უსაფრთხოების გავლისას ფეხსაცმელების გახდას არ ითხოვენ.
და მაინც რატომ გვთხოვენ ლეპტოპების ამოღებას?
აეროპორტის სკანერებმა დიდი გზა განვლეს
დანადგარი, რომელშიც თქვენი ჩანთები და მოწყობილობები გადიან, არის რენტგენული აპარატი.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩანთიდან ლეპტოპი უნდა ამოიღოთ, ის არის, რომ მისი ბატარეა და სხვა მექანიკური კომპონენტები ზედმეტად მკვრივია, რათა რენტგენულმა სხივებმა ეფექტიანად შეაღწიოს — განსაკუთრებით მაშინ, თუ სკანირების სისტემა ძველია. იგივე ეხება ელექტროკაბელებსა და სხვა მოწყობილობებს, როგორებიც არის ტაბლეტები და კამერები.
როდესაც ჩანთაში ეს ნივთები გიდევთ, სკანირების სისტემის თანამშრომლების სკანირებულ სურათზე არ შეუძლიათ განსაზღვრონ რისკის ალბათობა. ამიტომ, ჩანთა ხელით უნდა შემოწმდეს, რაც ყველაფერს უფრო ანელებს. გაცილებით მარტივია, როცა ყველა მოწყობილობა ჩანთიდან ამოღებულია.
ჩანთაში მოთავსებულმა ლეპტოპმა შეიძლება დაფაროს და არ გამოაჩინოს სხვა ისეთი ნივთები, რომლებიც შეიძლება სახიფათო იყოს. მისი ცალკე სკანირებისას ეკრანზე ჩანს შიდა კომპონენტები. ზოგჯერ შეიძლება ლეპტოპის ჩართვაც მოგთხოვონ, რათა დაამტკიცოთ, რომ ის მართლაც მუშა კომპიუტერია.
სკანირების ახალი ტექნოლოგიით, უსაფრთხოების წარმომადგენლები ჩანთას მრავალი კუთხით ხედავენ, რათა გაარჩიონ, არის თუ არა რაიმე დაფარული ან გადაკეთებულია თუ არა ისე, რომ სხვა რამეს ჰგავდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ბარგის სკანირების გავლისათვის, მგზავრებს თოფის ნაწილები სხვა კომპონენტებთან ჰქონდათ შერეული.
ზოგიერთმა აეროპორტმა 3D სკანირება განაახლა, რომელშიც მგზავრებს ჩანთის გატარება ლეპტოპების ამოღების გარეშე შეუძლიათ. თუ ლეპტოპის ამოღება არ მოგთხოვეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ იქ სწორედ ასეთ ძვირად ღირებულ სისტემებს იყენებენ.
სხეულის სკანერები
თქვენი ჩანთა ერთადერთი არ არის, რომელსაც აეროპორტის უსაფრთხოება ასკანერებს. ისინი თქვენს სხეულსაც ატარებენ სკანერში.
მაღალი ჩარჩო, რომელშიც გადიხართ, არის ლითონების დეტექტორი. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ნებისმიერი იარაღი ან სხვა არალეგალური ობიექტი, რომელსაც შეიძლება ტანსაცმელში მალავდეთ. აეროპორტების ლითონის დეტექტორები არამაიონიზებელ რადიაციას იყენებენ, ანუ არ გამოყოფენ რენტგენულ სხივებს.
მეორე მხრივ, სხეულის დიდი სკანერები რენტგენის აპარატის ერთ-ერთი ტიპია. ისინი შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური, ანდაც ორივეს კომბინაცია.
პასიური სკანერები უბრალოდ თქვენი სხეულისა და რაიმე დამალული ობიექტის მიერ გამოყოფილ რადიაციას აფიქსირებს. აქტიური სკანერები თქვენი სხეულის სკანირებისთვის დაბალენერგიულ რადიაციას გამოყოფენ, რომელიც შემდეგ შეიძლება გაანალიზდეს.
დანადგარის ტიპი, რომელშიც გაივლით, დამოკიდებულია ქვეყანაზე. მაგალითად, სხეულის სკანერები, რომლებიც რენტგენულ სხივებს გამოყოფენ და ე. წ. უკანგაბნევის ტექნოლოგიას იყენებს, ფართოდ გამოიყენება აშშ-ში, მაგრამ აკრძალულია ავსტრალიასა და ევროკავშირში, სადაც ნებადართულია მხოლოდ არამაიონიზებელი ტექნოლოგიის გამოყენება.
სკანერების კიდევ ერთი ტიპი მგზავრების სკანირებისთვის რენტგენული სხივების ნაცვლად, დაბალენერგიულ მილიმეტრულ ტალღებს იყენებს. მილიმეტრული ტალღის სიგრძე არამაიონიზირებელ რადიაციად მიიჩნევა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი