აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
ამასთან, მისი თქმით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იგი თავს არიდებდა ძებნით სამსახურებს.
„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“, – განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ.
როგორც სადიგოვის ადვოკატი ამბობს, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს.
საქმის პროკურორი, კონსტანტინე ცაცუა განმარტავს, რომ სადიგოვს ორ ეპიზოდში ედება გამოძალვაზე ბრალი, რის გამოც მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა მოეთხოვათ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და უპირობოდ დაიცვას ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესობის პრინციპი.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ