„სამართალი ურმით დადისო“, მაგრამ ბატონ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არჩევნების წინ სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია – არჩილ თალაკვაძე

ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია ს წინ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში.“
„ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ. საკუთარ სამშობლოსა და სახლს სთხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის კომპენსაციას. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ 650 000 დოლარი სახელმწიფოსთვის თვითონ აქვთ გადასახდელი. მაგრამ აქ მთავარი, რა თქმა უნდა, თანხები არ არის. მთავარია, რა სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა. გაირკვა, რომ ეს ბატონები წლების განმავლობაში სულ ტყუილად და უსამართლოდ ადანაშაულებდნენ თავის ქვეყანას, ცილს სწამებდნენ ხელისუფლებას და ფულს სთხოვდნენ ხალხს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რასაც ისინი ავრცელებდნენ. ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში. თუმცა, ამას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკას გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვავითარებთ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ დოლარს სცილდებოდა.
2024 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ