რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივდა, რამაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენა საქართველოზეც იქონიოს. საქართველოში იმპორტირებული საწვავის ნახევარზე მეტი, თითქმის 53%, სწორედ რუსეთზე მასზე მოდის.
ენერგეტიკოსებისა და ნავთობიმპორტიორების ნაწილი ამბობს, რო საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე. თუმცა, ნაწილი თვლის რომ ამას არსებითი გავლენა ქართულ ბაზარზე არ ექნება.
„რუსეთმა ონკანი ისევ გადაკეტა. ეს ქვეყანა არასტაბილურია,” – ასე აფასებს განვითარებულ მოვლენებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი, თუმცა, მისივე თქმით, საქართველო რუსეთიდან საწვავს იმიტომ ყიდულობს, რომ შედარებით იაფია.
“საქართველოში საწვავის დეფიციტი და სხვა კატაკლიზმები გამორიცხულია. ჩვენ გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ თუ ვერ შევისყიდით საწვავს ჩრდილოეთიდან, მაშინ ევროპიდან და შუა აზიიდან მოვახდენთ იმპორტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება არც ფასზე იმოქმედებს და არც რაოდენობრივ იმპორტზე. ჩვენ მოწოდების არხების დივერსიფიცირებაზე წლებია ვმუშაოთ. საქართველოში ბენზინის შემოტანას იწყებს აზერბაიჯანიც. გადაიარაღება ფაქტობრივად დასრულებულია, ამიტომ რუსეთის ვერანაირი ქმედება ვერ შეგვიქმნის საფრთხეს“, – ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
ფინანსისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია, ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებთან დადებს ხელშეკრულებას საწვავის მოწოდების თაობაზე. შენგელია დარწმუნებულია, რომ ამით ფასებიც ბევრად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე. ფინანსისტი ამბობს, რომ ასეთი მომგებიანი პროექტი შესთავაზეს სახელმწიფოს, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ დგამს.
“რუსული საწვავი 20-25 თეთრით იაფია ყოველთვის, ვიდრე სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტი. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებთან დადებს ხელშეკრულებას. თუნდაც სახელმწიფო ბენზინგადამამუშავებელ ქარხანასთან ან სხვა ორგანიზაციასთან და სამინიტროსთან საწვავის მოწოდების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში რუსეთი საწვავის მიწოდებას არავის უწყვეტს. ჩვენ ასეთი უწყება არ გაგვაჩნია, არადა, ასეთი ორგანზაციის არსებობს არა მხოლოდ სტაბილურ მოწოდებას შეუწყობს ხელს, არამედ ფასსაც დაარეგულირებს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს მონოპოლიას და კარტელურ გარიგებებს, ხალხიც ამოისუნთქებს და ბენზინის ფასიც ჩამოვა 2 ლარამდე, “, – ამბობს ნიკა შენგელია.
ვნახოთ რას ამბობს ციფრები:
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 631.6 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 496.1 მლნ აშშ დოლარის.
ზემოთხსენებული შეზღუდვის შემდეგ, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის მიმართულებით სხვა ქვეყნებზე გადაეწყო და შემზღუდავი ნორმის მოხსნის მიუხედავად, ნაწილობრივ ასეც დარჩა, რადგან ბოლო ორი თვის ჭრილშიც რუსეთიდან იმპორტის კლება ფიქსირდება – 26.2%-ით.
