პარლამენტის ყოფილ შენობას ახალი დანიშნულება აქვს – იხარჯება 12 მლნ. ლარი

მთავრობამ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას ახალი დანიშნულება მოუძებნა, – 2025 წლისთვის ის ტექნოლოგიური ჰაბი გახდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ვიგებთ, 2025 წელს ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს დაევალა.
დოკუმენტის მიხედვით, GITA-მ ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს და ამისთვის 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი უნდა გაითვალისწინოს. 2025 წლის ბიუჯეტში ჰაბის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარი უნდა იქნას გათვალისწინებული.
გამოდის, რომ მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად ჯამურად 12 მლნ ლარს დახარჯავს.
ცნობისთვის, ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ 2018 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მუშაობა ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.
IT-ჰაბის მოწყობის შესაძლებლობა ამ შენობაში პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა, ხოლო ერთი წლის წინ, 2023 წლის ზაფხულში უკვე მტკიცებით ფორმაში თქვა, შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და აქ ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნებოდა.
სხვათა შორის, მანამდე, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში “საპოლიციო ჰაბის” მოწყობის იდეა ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ