აგრობაზრის საპილოტე პროექტი იწყება – რას ნიშნავს ეს

აგრობაზრის საპილოტე პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, გუშინ თბილისში, ვეკუას ქუჩაზე გამართულ აგროსასურსათო ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაზე განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი აგრონაწარმოს უნიკალური გემური თვისებების გაცნობისა და შეყვარებისთვის.
“მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ფერმერებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. იწყება აგრობაზრების საპილოტე პროექტი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მათი პროდუქციის გამოფენის, შესაბამისად გაყიდვის, ტურისტების მხრიდან თუ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესების და შესაბამისად თბილისელებისთვისაც ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ სოფლად მოყვანილი პროდუქტი შეიძინონ და დააგემოვნონ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფერმერების დახმარებას და განსაკუთრებით კი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას. იმიტომ, რომ რეალიზაციაც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მათი წარმატების და მივესალმებით ამგვარ ინიციატივებს“ -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
გუშინ დედაქალაქში გამართულ აგროსასურსათო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული თაფლი, ჩაი, წვენები, ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ტკბილეული, მათ შორის, ჩურჩხელა, ჩირი და ტყლაპი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობა.

ასევე დაგაინტერესებთ