საქართველო აგროქიმიური ნივთიერებების მოხმარებით პირველ ადგილზეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე განმარტავს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში სასუქების დიდი ოდენობით გამოყენება სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს. არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას, მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, ასევე აქვეითებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
გახოკიძის განმარტებით, მიწათმოქმედებმა ქიმიური სასუქების გამოყენება მე-19-ე საუკუნიდან დაიწყეს. სასუქების ორი ჯგუფია – მინერალური და ორგანული. მინერალური სასუქებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფტორის, ფოსფორისა და აზოტის ნაერთები, რომელიც ყველაზე ტოქსიკურად მიიჩნევა.
აკადემიკოსი ხაზს უსვამს, რომ მინერალური სასუქების შემცველი მტვრის შესუნთქვა იწვევს ზედა სასუნთქი გზების კატარს, რინიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმოკონიოზს. ხანგრძლივი კონტაქტისას კი შესაძლებელია ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია. რაც შეეხება ამონიუმის ნიტრატს, გახოკიძის განმარტებით, არ შეიძლება და აკრძალულია კიდეც მისი გამოყენება საბაღჩე კულტურათა სასუქად, თუმცა მაინც ხდება მისი გამოყენება.
“ნიტრატები ნაწლავებში ფერმენტების მონაწილეობით გარდაიქმნება ნიტრიტებად, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის ნიტროზამინებს – ე.ი. ავთვისებიან სიმსივნეთა გამომწვევ ნივთიერებებს, მრავალი საფრთხეა, რაც სასუქების გამოყენების გამო შეიძლება დაემუქროს ადამიანს, ამიტომ სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს”, – ამბობს რამაზ გახოკიძემ.
ყვრელაფერი აქ არ მთავრდება. აგროქიმიის უკონტროლო ინტენსივოვა პრობლემაა როგორც მიწათმოქმედებისათვის ასევე ეკოლოგიისათვისაც. ის იწვევს ნიადაგს “აფუჭებს”, ფიტავს, უარესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მატულობს ნიადაგის მჟავიანობა, იცვლება არასასურველი მიმართულებით ცალკეული ქიმიური ელემენტის შედგენილობა, აქტიურდება ორგანული ნივთიერებების დაშლა.
“ამ პროცესების ყველაზე დიდი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ისინი ფარული ხასიათის არიან და მათი აღმოჩენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგაა შესაძლებელი,” – ამბობს აკადემიკოსი
ამ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობენ გარემოს დამცველებიც, რომელთა ინფორმაციითაც, საქართველო სოფლის მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების მოხმარებით პირველ ადგილზეა, რაც დაუშვებელია და აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია.
როგორც „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე განმარტავს, აუცილებელია და თანაც დაიყოვნებლივ, ამ სფეროს რეალური რეგულირება. მისივე თქმით, მზადაა კანონპროექტიც.
“ჩვენ არ გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონი. თუმცა, კანონპროექტი უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებების შემნახველ საწყობებს შეამოწმებენ. ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება ფეთქებადია, მათ შორის გვარჯილაც, რომელსაც კიდევ ცალკე რეგულაციები სჭირდება.
საქართველო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან მიმართებით ქიმიური ნივთიერებების მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ გვაქვს შეზღუდვა მოხმარებაზე, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ და ეს გამოსასწორებელია. მოსახლეობა ნერგებს სასუქს თვითონ აყრის და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. საბოლოო ჯამში ის ამით კლავს მცენარეს. ეს, რა თქმა უნდა, გადადის პროდუქტში და იწამლება ძალიან ბევრი ადამიანი. რეალურად, ეს არის მიზეზი მომნელებელი სისტემის დაავადებების.
ამიტომ, ამ სფეროს რეალური რეგულირება უნდა მოხდეს. კანონპროექტი, როგორც გითხარით, მზად არის და დამატებითი განხილვები, ალბათ, კიდევ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ის კანონად იქცევა”, – ამბობს ჩხობაძე.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის შესაბამისად იანგარიშება და ყოველ კილოგრამზე 5 მილიგრამია. მაგალითად, თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზა 350 მილიგრამია. ახალშობილებისა და მეძუძური დედებისთვის ეს რიცხვი გაცილებით დაბალია, 10 მილიგრამმაც კი შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
წყარო: “აგრო სიახლეები”