ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო – პარტიების რეიტინგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში პარტიული შეწირულობების ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. ორგანიზაციამ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პოლიტიკური შეწირულობების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი წარადგინა.
დოკუმენტის თანახმად, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო; პარტიული შეწირულებების 50% ქართულმა ოცნებამ მიიღო – ეს 961 176 ლარია. მეორე ადგილზეა პარტია ლელოა – 464 990 ლარით, მესამეზე კი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 302 682 ლარის შეწირულობა მიიღო.
“ქართულმა ოცნებამ ერთ მილიონამდე შემოწირულება მიიღო, რაც სხვა პარტიებზე მეტია, თუმცა არ არის იმ ოდენობის, როგორც ჩვეულებრივ მმართველი პარტია საპარლამენტო ს წლების ანალოგიურ პერიოდებში იღებდა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა. ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო, შედარებისთვის, 2020 წლის მე-2 კვარტალში პარტიებმა 5 მილიონამდე ოდენობის შემოწირულება მიიღეს.
“„ქართულმა ოცნებამ“ ერთ მილიონამდე შემოწირულება მიიღო, რაც სხვა პარტიებზე მეტია, თუმცა არ არის იმ ოდენობის, როგორც ჩვეულებრივ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების წლების ანალოგიურ პერიოდებში იღებდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით” – წერს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 207-მა შემომწირველმა 276-ჯერ შესწირა ყველა პარტიას თანხა.
შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი), 55 შემოწირულება მიიღო პარტიამ „შეცვალე საქართველო“ (35 დონორი), ხოლო 32 შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო (31 დონორი). პარტია „შეცვალე საქართველო“ 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო.
ცნობისთვის, შარშან 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია.
ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12,742,941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13,138,636) კი — კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი);
15 პოლიტიკური პარტიიდან 6 პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13,138,636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს;
„ქართულმა ოცნებამ“ 11 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო (ჯამური შემოწირულებების 85%). არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა
„ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.
აქვე შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება; აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი. ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.
“მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები წლებია აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს შემოწირულებები წარმოადგენს კორუფციული სქემის ნაწილს, რომელიც მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და სხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ვალდებულებაა გამოიძიოს ასეთი შემთხვევები.
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციულმა ბიურომ მკაცრად უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონით და დაიცვას გამჭვირვალობის პრინციპები. ამ წინაპირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
ანტიკორუფციული ბიურო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილებებით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად ბიუროს უფროსის დანიშვნაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ.
სასურველია, ანტიკორუფციულმა ბიურომ წლიური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ჩაამატოს ცალკე ფორმა, სადაც პარტიები მიუთითებენ „სხვა ფულადი შემოსავლების“ კატეგორიაში აღნიშნული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკრეტულ წარმომავლობას.
სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკიც უფრო მცირეა,” – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.