საქართველოში სამუშაო ძალაში ახალგაზრდების მონაწილეობის დონის შემცირება განპირობებულია ემიგრაციით. 2020- 2023 წლებში ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა ქვეყანა, რომელთა უმეტესობაც უმუშევარი იყო და ცდილობდა დასაქმებას, – ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლებაში ჩაბმის მაჩვენებლები, ხელფასი, გენდერული და სხვა საკითხებია განხილული.
2020-2023 წლებში საქართველოში ახალგაზრდების (15-24 წლის ადამიანები) კონტრიბუცია შრომის ბაზარზე შემცირდა. კერძოდ, ამ პერიოდში შრომის ბაზრის ძირითად მაჩვენებლებში დაიკლო ახალგაზრდების ჩართულობამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი განაწილება 15+ ასაკის მოსახლეობაში სტაბილური იყო.
ახალგაზრდების სამუშაო ძალაში მონაწილეობის შემცირება უმაღლესი განათლების მიმღებთა ზრდას უკავშირდება. ბევრმა ახალგაზრდამ სამუშაო ძალაში ჩაბმას განათლების გაგრძელება არჩია, რასაც საქართველოში სტუდენტების გაზრდილი რაოდენობაც ადასტურებს.
2020-2023 წლებში საქართველოში ახალგაზრდების დასაქმება მნიშვნელოვანი გამოწვევების პირისპირ იყო. კერძოდ, დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ისეთი ბარიერებით, როგორებიცაა ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და არახელსაყრელი სამუშაო პირობები, რომლებიც ახალგაზრდების საჭიროებებსა თუ საგანმანათლებლო მისწრაფებებს არ შეესაბამება.