ახლა ძალიან კარგი შანსი გვაქვს და თუ გავუშვით, EU-ის კარი დიდი ხნით დაიკეტება – ირაკლი როსტომაშვილი

დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებლის, არქიტექტორს ირაკლი როსტომაშვილის აზრით, საქართველოს ახლა ძალიან კარგი შანსი აქვს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და მისი გაშვება არ შეიძლება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გამო შეჩერებულ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება, თუ საქართველო ამ შანსს ხელიდან გაუშვებს… რასაც ვაკვირდები, ისტორიულად, როგორც ხდებოდა ევროკავშირის გაფართოების ტალღები, ჩემი აზრით, ახლა ძალიან კარგი შანსი გვაქვს და თუ გავუშვით, ჩვენთვის დიდი ხნით დაიკეტება ევროკავშირის კარი“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
„არსის“ დამფუძნებელი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ადარებს სტუდენტს, რომელსაც გამოცდის ჩაბარება „საკუთარი წესებით უნდა“.
„გამოცდაზე რომ მიდიხარ, საგანი იმ პირობებით უნდა ჩააბარო, როგორც ლექტორი გთხოვს. შენ რომ იძახო, მე უკეთ ვიცი, მაშინ დაუწერე შენს თავს ხუთიანი, ლექტორი დაგიწერს ორიანს“, – აღნიშნა მან.
– როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა კითხვები გაქვთ ხელისუფლებასთან, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო – რატომ მოექცნენ ასე ქვეყანას?
– არანაირი კითხვები არ მაქვს. ისინი ასე მიიჩნევენ საჭიროდ. თავისი გეგმით მუშაობენ; თავისი პრინციპები და ხედვა აქვთ…
– გჯერათ, რომ ამ გზით ევროკავშირისკენ მივდივართ? – ამას გვიმტკიცებს ხელისუფლება…
– ცხადია, არ მჯერა. როგორ შეიძლება მჯეროდეს?! წარმოიდგინეთ, ევროკავშირი არის ოჯახი, რომელმაც დაგვპატიჟა თავისთან, ოღონდ გვითხრა, თუ გინდათ ჩემთან მოსვლა, რაღაც წესები უნდა დაიცვათ… ჩვენ ვეუბნებით – „არა, ასე გვინდა {მოსვლა}“… მაშინ არ მოხვიდე – გვეუბნება ის… ბარემ პირდაპირ თქვას მთავრობამ, რომ არ გვინდა {ევროკავშირში}
– ალბათ პირდაპირ თქმას ვერ ბედავენ, იციან რა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი ევროინტეგრაციაზე…
– ის უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ეს გზა არ მიდის ევროკავშირისკენ?!
– ალბათ ხვდება…
– დიახ, ხვდება და ამას ვერ ვიგებ… შორს ვარ პოლიტიკისგან; მე შემიძლია ვისაუბრო იმ განწყობებით, რაც ჩემს პარტნიორებს, ძირითადად, ევროპელებს აქვთ. ისინი ვერ იგებენ ვერაფერს… მეც ვერაფერს ვეუბნები, რადგან მეც ვერ ვიგებ.