ჩინური კონსორციუმი CCCC შესაძლოა, ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად არც გამოვლინდეს – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელდეს. ამის შესახებ მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ჩვენ გამოვლენილი გვყავს ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საინვესტიციო წინადადების გამოკვეთა. გრძელდება მოლაპარაკებები პრეტენდენტ კომპანიასთან და ვფიქრობ გეგმაზომიერად მიმდინარეობს ეს პროცესი და შევარჩევთ.
ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, თუმცა გამარჯვებულად არ დასახელებულა, გამარჯვებულად ის გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში იქიდან გამომდინარე, რომ გამოვაცხადოთ ეს კონსორციუმი გამარჯვებულად”, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე – შესაძლოა არც გამოცხადდეს CCCC გამარჯვებულად, დავითაშვილმა აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დიალოგის პროცესში მოხდება წინადადების შესაბამისობაში მოყვანა საკონკურსო პირობებთან. ამისთვის ჩვენ ვადები არ გვაქვს შეზღუდული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საკონსულტაციო კომპანიასთან. ისინი სწავლობენ წინადადებას, მივიღებთ კონსულტანტების მოსაზრებებს და მათი კონსორციუმთან გაზიარების შემდეგ მოხდება პირობების დაზუსტება,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ