„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი განახლდა. ასევე, განახლებულ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი მოაწყო.
ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოების ბოლო ეტაპს ხვალ, 2 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის ზედა ზონებს შეეზღუდება: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.
“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა წყნეთის გზატკეცილის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. სარეაბილიტაციო პროექტის ტექნიკური სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 2 აგვისტოს ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.”- განაცხადა გიგა ნადირაძემ, „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა.
„წყნეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო სამუშაოებს ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge „- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.