კვერცხის იმპორტის შემცირება ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას გამოიწვევს – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

თუ კვერცხის იმპორტი კიდევ უფრო შემცირდა ადგილობრივი წარმოება გაძლიერდება და შიდა, ჯანსაღი კონკურენციით, ფასის შემცირებაც შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში საერთოდ არ არის კვერცხის იმპორტი საჭირო, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.
“იმპორტი შემცირდა იმიტომ, რომ გასულ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო კატასტროფულად იყო გაზრდილი. მათ შორის, თურქეთში ინფლაცია იყო, დევალვაცია განიცადა ლირამ და ისინი ეძებდნენ ბაზარს სად წაეღოთ პროდუქტი. დეკემბრამდე ერთადერთი ბაზარი ჩვენ ვიყავით. ამიტომ ძალიან გაზრდილი იყო იმპორტი, რამაც არაფერი სასიკეთო არ გამოიწვია, არც ფასები შეამცირა და ხარისხზე საუბარიც არ არის. ამან ადგილობრივ წარმოებას დაარტყა და რაღაც ეტაპზე წარმოების მოცულობა შეგვამცირებინა. როგორც ჩანს შემომტანებმაც ნახეს, რომ აზრი არ აქვს შემოტანას, არავისზე დადებითად არ იმოქმედა. მცირდება კვერცხის იმპორტი ნელ-ნელა და იმედი მაქვს საერთოდ გაქრება. რომელი პროდუქტის შემოტანითაც ვერ ვიღებთ სარგებელს, ვერც ფასით, ვერც ხარისხით და რაოდენობრივადაც საჭირო არ არის, საერთოდ რატომ არ იკრძალება?!.
შარშან 60 მლნ-ზე მეტი კვერცხი შემოვიდა და ფასი იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე წელს. მიმდინარე წელს ქართული კვერცხიც კი 7%-მდე გაიაფდა. გასულ წელს შეიძლება ვიღაცამ იაფად შემოიტანა, მაგრამ მომხმარებელს კვერცხი არ გაიაფებია. ჩვენ შეშინებულები ვიყავით გაზრდილი იმპორტით და წარმოებას არ ვზრდიდით. იმპორტის შემცირების შემდეგ წინაპირობები არის იმისა, რომ ახალი ქარხანა გაიხსნას, ან სხვა. როცა დაცული ხარ უფრო მეტს ფიქრობ მომავალზე და არა იმაზე როგორ გადარჩე, რომ არასამართლიანმა იმპორტმა არ წაგლეკოს”, – აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 4.951 მლნ არასაინკუბაციო კვერცხი შემოვიდა, რაც 77,9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
წყარო : bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ