ვინ იყო ისმაილ ჰანია და რა შეიძლება მოჰყვეს მის მკვლელობას

ირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობამ გაზარდა ეჭვები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებისა და სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის შესახებ. „ჰამასმა“ და თეირანმა ისმაილ ჰანიას მკვლელობაში დაუყოვნებლივ დაადანაშაულეს , ამ უკანასკნელს პასუხისმგებლობა არ აუღია.
ისმაილ ჰანიას შესახებ
ისმაილ ჰანია იყო პალესტინელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მართავდა ღაზის სექტორს 2007 წლიდან, 2017 წლიდან კი ძირითადად კატარში ცხოვრობდა. ირანში ჩასული იყო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, საიდანაც რამდენიმე საათში, ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ჰამასში“ ჰანია შედარებით ზომიერ და პრაგმატულ ლიდერად მიიჩნეოდა. „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელობისგან განსხვავებით და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, შეერთებულმა შტატებმა ის საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა, ჰანია მოგზაურობდა მსოფლიოში და ხვდებოდა სხვადასხვა ლიდერებს.
ისმაილ ჰანია დაიბადა 1963 წელს ეგვიპტის მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში. მისი მშობლები აშკელონიდან დევნილები იყვნენ. ჰამასს შეუერთდა 80-იანი წლების ბოლოს, პირველი ინტიფადას დროს და რამდენჯერმე მოხვდა პატიმრობაში. ჰანია იყო ჰამასის სიის ლიდერი, რომელმაც გაიმარჯვა 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებში და გახდა პალესტინის პრემიერ-მინისტრი მცირე ხნით, ვიდრე პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თანამდებობიდან გაათავისუფლებდა. ჰანიამ არ აღიარა აბასის ბრძანება და დარჩა „ჰამასის“ ლიდერად ღაზის სექტორში 2006 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე, როდესაც ის იაჰია სინვარმა შეცვალა. 2017 წლის 6 მაისს ჰანია აირჩიეს „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს და საცხოვრებლად კატარში გადავიდა.
რა მოჰყვება ჰანიას სიკვდილს?
ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასი“ უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რამდენიმე ომი ჰქონდა ისრაელთან. „ჰამასს“ ფინანსურად, იარაღით და წვრთნებით ეხმარება ირანი. ღაზის ტერიტორიიდან ათასობით რაკეტას ისვრიან ისრაელის მიმართულებით, ისევე როგორც ისრაელმა არაერთხელ შეუტია „ჰამასს“ საჰაერო თავდასხმებით, 2008 და 2014 წლებში კი ჯარებიც გაგზავნა ღაზაში.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ უპრეცედენტო იერიში მიიტანა ისრაელზე — შეიარაღებული პირებმა გადაკვეთეს საზღვარი და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებებში. დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ბავშვები, ქალები და ახალგაზრდული მუსიკალურ ფესტივალის მონაწილეები, აიყვანეს მძევლები, რომელთა ნაწილი დღესაც ტყვეობაში რჩება. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის დანაშაულებზე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ქმედებების გამო. „ჰამასის“ თავდასმას მოჰყვა ისრაელის სამხედრო კამპანია, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ღაზას სექტორში.
2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებდა „ჰამასის“ ლიდერებს. ჰანიას მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელმა განაცხადა ირანის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მეთაურის მკვლელობაზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. „ჰეზბოლამ“ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა არ უთქვამს, მკვდარია თუ არა ფუად შუქრი. 2024 წლის დასაწყისში კი ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და სამი შვილიშვილი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორში. ირანმა და „ჰამასმა“ ისრაელი დაადანაშაულეს ისმაილ ჰანიას მკვლელობაშიც, თუმცა ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, როგორც „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია იყო მთავარი თანამოსაუბრე საერთაშორისო შუამავლებთან ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში.
„ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა მალე წარმატებით დასრულდეს, თუმცა გასულ შაბათ-კვირას რომში გამართულ შეხვედრას გარღვევა არ მოჰყოლია. მაგრამ უკიდურესად რთულია პროგრესის მოლოდინი ჰანიას მკვლელობის კვალდაკვალ. ეს ყველაფერი ბადებს კითხვას: თუ ეს იყო, როგორც ყველა ვარაუდობს, ისრაელის ოპერაცია, რატომ განხორციელდა იგი? „ჰამასთან“ ასოცირებულ პირზე შურისძიების სურვილის გარდა, რისი მიღწევა სურდა ისრაელს? თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე შეაჯამა რეგიონში ბევრის სავარაუდო რეაქცია“, — წერს BBC-ის კორესპონდენტი იერუსალიმიდან პოლ ადამსი.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰანიას მკვლელობა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა არ აპირებს მშვიდობის მიღწევას“ და რეგიონი გაცილებით დიდი კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს ზომებს ისრაელის შესაჩერებლად.
თურქეთის გარდა, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო კატარმა, იორმ, ლიბანმა, პაკისტანმა, ეგვიპტემ, რუსეთმა და ჩინეთმა.
„ისრაელმა გაანადგურა საომარი მოქმედებების დასრულების ყველა იმედი და მისწრაფება“, — განაცხადა პალესტინის მმართველი პარტია „ფათაჰის“ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მოადგილემ საბრი საიდამმა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც შუამავალი იყო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში, ასევე ეჭვქვეშ დააყენა დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების შანსები ჰანიას მკვლელობის შემდეგ.
ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ სტუმრის სიკვდილისთვის შურისძიება „თეირანის მოვალეობა“ და ისრაელის „მკაცრად დასჯის“ საფუძველია. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, — ისმაილ ჰანიას სიცოცხლის ბოლო კადრები სწორედ მასთან შეხვედრასა და ინაუგურაციაზეა გადაღებული — თქვა, რომ ირანი „დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, სიამაყეს და ღირსებას“.
„ბოლოს, როცა ირანმა შურისძიების პირობა დადო, ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა ისრაელისკენ, რომელმაც ირანის ბირთვულ ობიექტებთან ახლოს სარაკეტო შეტევით უპასუხა. მაგრამ ყველა მსგავსი ინციდენტი ესკალაციას არ იწვევს“, — წერს BBC.
ირანის მუქარას მნიშვნელოვანი ესკალაცია არ მოჰყოლია 2020 წელს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ირანის გავლენიანი სამხედრო მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა.
„თუმცა ამჯერად კიდევ ბევრი მხარეა ჩართული: ისრაელის ერთი შეხედვით გაუთავებელი ოპერაცია ღაზაში; ლიბანში მეთაურის მკვლელობით გაწბილებული „ჰეზბოლა“; ჰუსიტები — იემენში, რომლებიც ისრაელის საჰაერო თავდასხმებისთვის შურისძიების პირობას დებენ და ირანი — დამცირებული თავის დედაქალაქში სტუმარზე სარაკეტო დარტყმით“, — წერს BBC.
შურისძიების საფრთხის ზრდის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მკვლელობა მნიშვნელოვანი დარტყმაა „ჰამასისთვის“. გაერთიანებული სამეფოს ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ლორდი პიტერ რიკეტსი ამბობს, რომ ჰანიეს მკვლელობა რეგიონული ძალის დემონსტრირებაა და ისრაელს აძლევს „პოლიტიკურ სივრცეს, ახლავე დაიწყოს ღაზაში ოპერაციის დასასრული, რადგან [ნეთანიაჰუს] უკვე შეუძლია თქვას, რომ მან მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა „ჰამასს“. ამავდროულად დასძენს, რომ თავად „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის ნაკლები სურვილი რჩება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ იყო ინფორმირებული ან ჩართული ჰანიას მკვლელობაში. ბლინკენმა თავი შეიკავა სპეკულაციისგან, თუ რა გავლენას იქონიებს მომხდარი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე.
თეირანში ცერემონიის შემდეგ, „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას ცხედარს დოჰაში გადაასვენებენ. მას პარასკევს, კატარის დედაქალაქში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ